გაბრიელ ჯაბუშანური

 
                                                     ბიოგრაფია
გაბრიელ ლუკას ძე ჯაბუშანური დაიბადა 1914 წლის 11 სექტემბერს
ხევსურეთის სოფელ არხოტში. სწავლობდა თბილისში, მთიელი ბავშვებისათვის
სპეციალურად გახსნილ ინტერნატში.სკოლის დამტავრების შემდეგ, 1943
წელს, სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო. ცამეტი წლის
ასაკიდან ბეჭდავდა ლექსებს საბავშვო ჟურნალ-გაზეთებში. ოჯახური
მდგომარეობის გამო, მეოთხე კურსიდან სწავლა შეწყვიტა და მშობლიურ არხოტში
დაბრუნდა. ჯერ მასწავლებელი იყო, შემდეგ – მის მიერვე დაარსებული
სამკითხველოს გამგე. “ჩვენი თაობის” 1935 წლის თებერვლის ნომერში დაიბეჭდა
გაბრიელის ლექსი “ცხენი”, ხოლო ლექსთა პირველი წიგნი “არაგვიანი” 1940 წელს
გამოიცა. სამამულო ომის წლებში იგი კვლავ ხევსურეთს დასტრიალებდა თავს.
მან ომის დამთავრების წლებში ხევსურეთიდან თბილისში მოიწერა:
– ძალიან მომენატრა თბილისი, სულ მთებში ვცხოვრობ გაუსვლელად და
უმეგობროდ, ამხანაგები შემომეფანტნენ.. ყველაზე უფრო მირზა გელოვანი და
ლადო ბალიაური, ლადო ასათიანი სტკივიან ჩემს გულს. ახლა კიდევ გადავიკითხე
მათი უკანასკნელი სტრიქონები და მეტკინა რაღაც, გული ჩამწყდა…
ჩვენი თაობის ბიჭები ხომ სწორედ ოქტომბრის კბილანი ვიყავით,
ცხოვრებასა და მწერლობაში ახლადფეხშედგმულნი, დიდი გეგმებითა და
ფართო, მგზნებარე გულით. ახალგაზრდულად მოხეთქილი და აფეთქებული
ტემპერამებტით, თავბრუდამხვევი ჯრუანტელით, გულში ჩანჩქერებად
მოზღვავებული სიმღერებითა და ლექსთმრავლობით. რა გვიქნა, როგორ
მიმოგვფანტა იმ წყეული ომის ქარცეცხლმა და ბევრ ჩვენგანს
რა ცუდად აუბნია გზაკვალიო– ამ მწუხარე სიტყვებით ამთავრებდა გაბრიელი
წერილს..1968 წლის 26 დეკემბერს დიდუბის პანთეონში უკანასკნელად გამოვეთხოვეთ
ორმოცდათოთხმეტი წლის გაბრიელ ჯაბუშანურს.ყველას გული დასწყვიტა და დასწვა გაბრიელს
გარდაცვალებამ. კიდევ დიდხანს იცოცხლებდა,ბევრ გაჭირვებას რომ არ შესწრებოდა და
განიკურნებელი სენი არ მორეოდა, რამაც  შეუმოკლა სავალნი
 დღენი ჩვენს ფიც-ვერცხლ-ნაჭამ ძმას.
548232_285675741538435_1071357399_n
გზად მიხვალ,
ლეგა ნაგაზი
მოგდევს და გელაქუცება.
გორიდან გიმზერ, გავბრაზდი
ამ ჩემს იღბალზე, უცება.მე ვნატრობ: მიწყივ შენს ახლო
ყოფნას და შენთან მხარდამხარ
სვლას, მაგრამ ბედი – ეს ძაღლი –
მიყეფს და გვრიყავს ხანდახან…მიდიხარ…
თქვენსკენ ვაფრინე
გული – გვემული ნაღვლითა…
ვაჰ, დედას მტრისას, გაბრიელ,
ბედით გჯობია ძაღლიცა!

დელგმის დარად დარიალში ვიჭრები,
მივქრი ჯიქურ და პირქარიც მჭექარობს,
ქარაფებში ირხევიან ფიჭვები,
შენს მიმოხვრას მაგონებენ, მზექალო!თერგის დენას დაღვრემილი დავცქერი,
ჩემი გული განა მისებრ კისკასობს.
ქარაფიდან მოჩქრიალებს ჩანჩქერი,
მყის შენს სიცილს მომაგონებს, ძვირფასო!მივქრი ჯიქურ და ფიფქისგან მოვერცხლილს-
შორ მწვერვალებს ჩემს ტრფობაზე შევგალობ.
ქუფრ ქარაფში ქუჩი ქოჩორს ივარცხნის,
შენი თმები მაგონდება, მზექალო!
ო, შენ არ იყავ ასეთი ნაზი,
მე თვითონ შეგთხზე და ეს თხზულება
მე შევიყვარე,¬- პოეტურ აზრის
როგორც ციური განსხეულება.
ვიყავ ჭაბუკი.გული მეგობარს
ეძებდა ჯიქურ და ჩვენი სოფლის
მყუდრო წიაღში შენ მოგებარა,
როგორც ტოლი ტოლს და გრძნობის საბლით
მოება შენზე. მყისვე მეცხრე ცას
მისწვდნენ ოცნების ძაფთა სიგრძენი,
ვცადე, ვერ შევძელ მათი შეკვეცა,
შენ მიგრძენი… და აღარც მიგრძენი.
ო, შენ არ იყავი ასეთი კარგი,
მაგრამ ვერ მოგწვდი…
ნარნალ თხზულებად
მე შემდეგ შეგთხზე,-პოეტურ სარკის
როგორც ციური განსხეულება.
მერე დავშორდით. ბედმა მე ახლა
წავარნებს მიმცა მიწყვის ხეტებად;
შენ ბარში დარჩი,მე მთებს ვეახელ,
მაგრამ თან გამყვა შენი ხატება.
მე ამ ხატებას ზადი ამ სოფლის
ჩამოვაცალე ოცნებით ჩემით
და ამნაირად მივეც სამშობლოს
ქალი, ვაჟაის ეთერზე მრწემი.
ო, შენ არ იყავ ასეთი კარგი,
მე თვითონ შეგთხზე და ეს თხზულება.
მე შევიყვარე,-პოეტურ სარკის
როგორც ციური განსხეულება.

ხუცესი შენს თავს ახვეწებ გამჩენს,
ხატი კარს ხალხი დამდგარა ჯგუფად.
მე გულში ეჭვი როგორ არ ჩამრჩეს:
ასე გულდაგულ რასა სთხოვ უფალს?
რასა სთხოვ უფალს მერყევი მზერით,
მწუხარე მზერით და ურვის ჩემით?
„უსმინე, ღმერთო!“- ხმობს ხევისბერი,
„ჩემი ქმენ, ღმერთო!“- მე ვამბობ ჟინით.
„ჩემი ქმენ, ღმერთო!“-მე შევთხოვ უფალს
და მსხვერპლის სისხლიანს იღებს გამჩენი.
მე შენთვის ურვა მსხვერპლივით მღუპავს
და ეგ საკლავიც გულია ჩემი.
რასა სთხოვ უფალს?-
იქნებ ჩემს რაყიპს
ავედრებ გულით მოცახცახეთი?
ეს რომ ვიცოდე,-ცერბერის ყეფით
„წყეულიმც იყავ!“ მოგაძახდებდი.
ხუცესი შენს თავს ახვეწებ გამჩენს,
ხატის წინ ხალხი დამდგარა ჯგუფად.
მე გულში ეჭვი როგორ არ ჩამრჩეს:
ასე გულდაგულ რასა სთხოვ უფალს.
გაიღვიძე,
გესმის, დროზე გაიღვიძე,
შენთან მოვდივარ
და ხომ უნდა დამხვდე ფხიზელი,
რამდენი გეძებე,
რამდენი გეძახე,
რამდენი ვიღვაწე,
ხმა არ გამეც და
უშენობა მეტად ვერ შევძელი,
რამდენი სათქმელი დამიგროვდა, რომ იცოდე,
მგონი ათ წელსაც ვერ მოვათავო ლაყაფი,
გაიღვიძე,
კუბო მორთე,
შენს გვერდით მომიწოდე,
ადგილი მანდ ორთავეს გვეყოფა.
ხომ იცი, ხალხს და სოფელს განვერიდე,
მტორავენ ტრფობისა და კენტობის ვაებანი,
გაიღვიძე,
გესმის, დროზე გაიღვიძე,
ნუთუ არ მოგენატრა ჩემთან პაემანი?

მშვიდობით! მივალ, დე, არხოტს აჩნდეს
ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი;
მწამს თავს გაიტანს და გამომაჩენს
ფხა ვაჟკაცური და სწრაფვა სწორი!

დაიქცნენ ძველი ბურჯების ბჭენი,
ბინდი არ ბოჭავს გულს მარწუხივით;
გამყვება ქალაქს ტრფიალი შენი
და დედაჩემის ჩემზე წუხილი!..

შევხვდები ბარში ვაჟკაცებს ნარჩევს,
მოვალ და ნათელს მოვიტან შორით.
მშვიდობით, ქალავ! – დე, არხოტს დარჩეს
ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი!

არხოტში მამისახლი დამექცა,
დღეს მის ნანგრევზე ბუც არა ჯდება.
ქვიტკირის კუთხი მოჰგავს ნამეწყრალს,
არხოტში მამისახლი დამექცა,
შამბი შეუდგამს ეზოს ნამერცხლარს
ჩემს აკვანს გველი უდარაჯდება…
არხოტში მამისახლი დამექცა,
დღეს მის ნანგრევზე ბუც არა ჯდება.
***

არ გჭირდებით შენ და მავანს
მომღერლად და მაქებრად?
არ მომისმენთ კენტად მავალს? _
ეგ მადარდებს ნაკლებად!

სხვებს სჭირდებათ, მარტვილს მჯერა,
ლექსთა ჩემთა ზვირთები,
და მეც ვიწყებ მათთვის მღერას
ვისაც მეტად ვჭირდები!

* * *

რა უდარდელად იმღერიან ჩემი ტოლები,
ღმერთო, მე სევდა რად დამებედა…
თავზე მესხმიან ღამეები, როგორც თულები,
წამართვეს ყოვლი, რაც რამ მებადა…
რა უდარდელად იმღერიან ჩემი ტოლები.

შემომეფანტნენ მეგობრები – თანამყოლები,
ახარებთ ლხინი სხვაგვარ სეფათა;
რა უდარდელად იმღერიან ჩემი ტოლები,
მე კი დავკარგე თუ რამ მებადა…
შემომეფანტნენ მეგობრები – თანამყოლები.

მივდივარ მარტო. ქვითინისგან ანათრთოლები,
წინ ისევ ბინდი შემომეფეთა….
რა უდარდელად იმღერიან ჩემი ტოლები,
ღმერთო, მე ტანჯვა რად დამებედა…
მივდივარ მარტო. ქვითინისგან ანათრთოლები.

სიმღერა და ქორწინება

… და ჩვენს სიყვარულს დღეს დაეშვა შავი წერტილი:
შევუღლდი და ხმაც ახლა ღავღავს ეთანაბრება…
მადლობა უფალს, ავ ენათა ავი ჭარტალი
ჩაიხშო, მგონი, გული აღარ ეთანაღრებათ;

ეყოფათ, რაიც ჭორის ხანჯლით მცეს და დამღარეს
მუაი ჩემი მიეახლა ზეცად სამოთხეს,
ჩემი ჩონგური მიჯნურობას ვეღარ უმღერებს,
სიტყვაი ჩემი ტრფობის ხოტბად ვეღარ გამოდგეს…

მიმწუხრად მექცა დიდი ლექსის მწველი სისხამი,
არ ბორგავს გული დაკეპილი და დაყოფილი.
მე ახლა მივხვდი მთელი სიღრმით, მთელი სიცხადით,
რომ სიყვარული სიმღერათა დედა ყოფილა.

ოთხი საყვედური

1
შენ ბრმა ხარ, _ აბა სხვა რა დავარქვა
სიბეცეს, რაიც ყრმობიდან მოგდევს.
გუშინ ქორწილი ჰქონდა თამარქალს,
შენ კი სჭვრეტ მასში ცოდვილს და მოკვდავს.
შენ ბრმა ხარ დილაგაუთენარი,
რახან ვერა სჭვრეტ მზის მოზღვავებას.
თამარი არის რძალი ზენარი,
თავად მნათობი და უკვდავება.

2
შენ ყრუ ხარ, _ ნისლთა ლოცვა არ გესმის,
როს მზისგან დამწვარ ლიხზე წვებიან
და გათანგულნი გვალვათა გესლით
ცას ცვარად ქცევას ეხვეწებიან.
შენ ყრუ ხარ, როგორც გამხმარი ძარღვი
ვით ოხვრა მოთქმით დაღლილ დედისა,
რახან ვერ წვდები ქველობის ძახილს,
რახან არ გესმის ხმა სიკეთისა.

3
შენ მუნჯიცა ხარ, როდესაც ძალგიძს
უჩუმრად შეხვდე რიჟრაჟის მაყრულს,
როს განთიადის გუგუნებს ჰანგი,
როს სხივი სახრავს სიბნელის საპყრულს.
მუნჯი ხარ, _ როცა არ ძალგიძს ხოტბით
ხვდებოდე ხეთა გამოცოცხლებას,
როცა მზეს, _ ყოფნის უდიდეს ლოტბარს, _
სჭვრეტ და არ გიპყრობს ამო ოცნება.

4
შენ უგულო ხარ, _ რახან ვერა გრძნობ
მაისის თვეში მართვეთა ფართხალს,
რახან არ ხვდება შენს გულს ვერაგთა
ავი საქმე და არ ათნევ მართალს…
შენ უგულო ხარ, ძილს თუ არ გიფრთხობს
ძახთაპირების საბრძოლო ყეფა,
თუ ქვეყნის ყრმათა არ გაფრთხობს საფრთხე,
თუ გულუბრყვილოდ უყვავებ ყოფას.
შენ ფრთამომწვარი გქვია იკარი,
თუ ზიხარ მსგავსი გრძნობით და განსჯით.
შენ უგულო ხარ, _ მაშ ხეიბარი,
შენ ბრმა და ყრუ ხარ, მუნჯი და გონჯი.

დაგვიანებული შერიგება

მეზმანე,
მოხველ,
მომესათუთე,
ცრემლი მიცვალე ტრფობის ტაროსით,
მიარმაღანე ვერცხლის სათითე
და მე, შეშლილი, შვებით ვტიროდი…
შენი სიკვდილი განა მახსოვდა, _
რომ მიღალატე და დავიღუპე,
რომ შენი მზერა სულეთს გასხივდა,
რომ მიღმურ მნათობს გაუღე უპე…
გამომეღვიძა:
დარდის დევებად
დამაწვნენ დილა და განთიადი…
რა ფუჭი იყო ის მოტევება,
მზექალო, რარიგ დაგაგვიანდა!

მიძღვნა ხევსური მელექსეებისადმი

მოგესალმებით მგოსნებს ჩაუქებს,
თქვენი ნამღერით გულგალღობილი.
მე თქვენი ლექსის შუქი მაშუქებს
და უსათუოდ ვართ ახლობელი.
ვიცი, მოგავხართ ბრძენ ხოგაის მინდს:
ზვერავთ ბუნებას მზერამშიერი
და თუ ჩემი ხმის ეხოც გაისმის, _
ვართ თქვენი ჯიშის მე ნაშიერი.
მსურს, ჩემს ლექსებსაც, გამძლე ძარღვებად,
აქვნდეს თქვენი თქმის ფხა და მეტადრე:
შესძლოს ნამღერმა ღამის გარღვევა
და მთებს დაადგეს ნათელ სვეტადა.
რომ დარჩეს სიტყვა _ ბოკვერი ვეფხვის,
ვინც გალიაში ვერ გამოკეტეს.
ჰქონდეს სიმტკიცე, სითბო და ეშხიც,
კაცურად შეხვდეს მტერს და მოკეთეს.
მოგესალმებით მგოსნებს, ჩაუქებს,
თქვენი ნამღერით გულგალღობილი,
მე თქვენი ლექსის შუქი მაშუქებს
და უსათუოდ ვართ ახლობელი.

პაემანი

მთამ გადივარცხნა ქოჩორი მრძამის,
ბარს აღარ უნდა ნისლებს მონებდეს.
წავიდეთ სახლში, დავტოვოთ ღამე, _
იქნებ მთა ჭალას თავს აწონებდეს.

მიწვა ქედებზე ქარი – არჯალი,
მარტო არაგვი გარბის არულით,
იქნებ ნიავის ნელი ჩურჩული
არის ბაასი სასიყვარულო?…

იქნება ტრფობის ფიალას სვამენ
მოლნი მოღლილნი წყაროს ებანით.
შევიდეთ სახლში, დავტოვოთ ღამე,
ბუნების თრთოლვა და პაემანი.

მხარში დგომა

სვე რომ გიშენს წათს
და კუბოსკენ გხრის,
მოგეხვიო, მწადს, _
გექნე მჭერად მხრის.

ერთად ვიყვნეთ, დე
აბა, რაღას ვიქმთ. _
აქაც ერთად _ დღე
და უკუნიც _ იქ…

ეს საწუთრო წვად
მაინც შენსკენ მხრის;
მოგეჩვიო, მწადს, _
გექნე მჭერად მხრის.

***

ქალაქით მიდის მტყობიები
გუშინ წალალეს არხოტელთა
აღარ გვყავს უნცრუათ გაბრიელი
სულამაის დღე გუშინ ჰქონდა
ხევსურეთის წესს ასრულებენ
წეღან უფროსმა დააკვალა
თორემ რად უნდა მტყობიები
სიკვდილსა გაბრიელისასა
ამბავმა მთები გადიარა
მთასიქითამდის ჩააღწია
ზირწუმ დაფარა თემ -სოფელი
მწუხარების დღე გაუთენდა
ლარებშეხსნილი ფანდურები
უკვე შაჰკიდეს ხევსურებმა
ქალ-ზლის ქვითინი არ ასვენებს
კიდეგანასა ნისლიანსა
ვაჟები სხედან გულშემოყრით
ხანდხან დასცდების სამდურავი
ეჰუჰ ხევსურთა ახალუხლებს
გაწირეს სხვათ ხელთ შამხედავი
სულის ხუცესმა იჩიფჩიფა
თხილივით ცრემლი დაახტოლა
-ჯვარი გეწერას გაბრიელო
იაღიმც შეხვალ იაღშია
რაად აღარას მეუბნები
არხოტიონო რა გეწყინა?
იქნებ ტირილი გერცხვინების
შენი ნაქები ვაჟკაცისა?
იქნებ ბეჩავად გეჩვენები
გულს ვერ გისრულებ მტკივა გული
რა ვქნა ჟამკარი ამერია
მხარი თავისამ გამაყარა
შენი ხმა ჭაუხთ აღარ უხმობს
არ მომდის შენი ბობოქარი
თურმე სიკვდილმა გაგაჩუმა
ხელი დაგრია დაწყევლილმა
ერთურთს ებრძოდით ცხრა დღე ღამეს
სწორული იყო მეათემდე
მერე კი შენი სხეულიდან
სული ქუილით ამოვიდა
ახლა კი უნდა შემოგჩივლო
შენს სულთამც ნურა ეწყინების
-ცხენს არ მირევენ არხოტელნი
არმთანიობენ სხვა თემ -წყლისას
ამაყებია სწორთუარეს
არ დაისმევენ სკამზე კაცსა
თავად რას იტყვი კაცთკითხულო
ალავერდს ვისთან გადახვედი?
არხოტის მთაზე ჩამოთოვა
გზები შეიკრა ხევსურეთის
ქალაქ დამრჩალა გაბრიელი
გამოზამთრებაც იქვე უნდა.

***

მომეცით ხმალი,
დამახურეთ თავზე ჩაჩაქანი,
მომგვარეთ ლურჯა უხედნელი,
გიჟი,
უბელო,
არც თანამგზაცრი ვინმე მინდა მივალ საჩქაროდ,
მხოლოდ მეგზურად მეყოლება მრუმე ღრუბელი.
უთქვამთ ვიღაცებს
ვითომ ვაწყობ სიტყვებს ცარიელს,
საქმით კი ვითომ არ შემეძლოს სხვებთან დადგომა,
ვითომ სუსტი ვარ,
უღონო და ბედდაცარული
და გამიჭირდეს გავაცხადო ჩემი ნათქვამი.
მივალ საზღვარზე
ავი სიტყვით შენარხევ სულით,
ვანანებ ვინაც ჩემი ქვეყნის მზეს ერქინება,
მე თქვენ გაჩვენებთ როგორ ხმარობს მახვილს ხევსური
და როგორ მღერის,
როცა მოსულ მტერს ერკინება.
მომეცით ხმალი თავს ვანებებ ლექსთა მოყოლას,
მინდა საქმითაც დავამტკიცო მღერა ქველური,
მარტო ვიბრძოლებ,
როგორც ძველად ქისტი ჯოყოლა,
რომ ყველა ყბედებს დავუმოკლო ენა გველური!

***

ო, შენ კარგი ხარ, როგორც აპრილი,
როგორც უკუნში მთვარის დანახვა,
დიახ, კარგი ხარ,
მაგრამ ნაპრალი
გვთიშავს და, მზექალ, ჩემი არა ხარ.

ამ აღსარებას არც მსურს ისმენდე,
შენ კი რას გიშლის სხვათა ვარამი.
უცნაური ვარ:
მხოლოდ ის მინდა-
რაც საჩემო და ჩემი არ არი.

მეზობელ ქალწულსთქვენს ფიქრთა ქიმებს ჯერ არ ურქენს ეჭვის ნაბუქი,
ცესფერ ოცნებებს აუკეცეთ ამო ლოგინი:
ეეცით მეცხრე ცას, ხან სიღრმეში ჩაჰყეთ ჭაბურღილს,
თქვენს ფიქრთა ქიმებს ჯერ არ ურქენს ეჭვის ნაბუქი,
დე, გემეგზუროთ მონაზმანი მოყმე ჭაბუკი,
გაქვნდეთ იმედი, შემართება და მოლოდინი,
თქვენს ფიქრთა ქიმებს ჯერ არ ურქენს ეჭვის ნაბუქი,
ცესფერ ოცნებებს აუკეცეთ ამო ლოგინი.
მწვედ დაეწაფეთ წუთისოფლის წკრიალა წყაროს,
სიამით შესვით ამ ცხოვრების ცხარე ნექტარი,
სისულელეა უსასობა და ურვის ხარო,
მწვედ დაეწაფეთ წუთისოფლის წკრიალა წყაროს,
ცერბერის ცეცხლით შეუყეფეთ უხილავ ხარონს
და ყველა მარცხთან გულცივობის გეცვათ ბექთარი,
მწვედ დაეწაფეთ წუთისოფლის წკრიალა წყაროს,
სიამით შესვით ამ ცხოვრების ცხარე ნექტარი.
აი, შეხედეთ სასომიხდილს, გლახას და ოხერს,
გათანგულობას რომ გიმღერით გაუთავებლად
რომ ვერ ვეხსნები დათქმულ დღეთა სამარხზე ოხვრას,
აი, შეხედეთ სასომიხდილს, გლახას და ოხერს.
ჯერ სულ ის გიჯობთ, ნურც შეამჩნევთ ჩემფერა ლოხებს,
გწამდეთ მარადი სიყმაწვილე და უკვდავება,
ნუ შემომხედავთ სასომიხდილს, გლახას და ოხერს,
გათანგულობას რომ გიმღერით გაუთავებლად.
ლაშარის ჯვარშიაქ გინდა რაღაც უფრო მაღალი,
სანამ ლექსია,
სიტყვა თუგინდაც.
სანათას მოაქვს სუფრა ახალი,
ლელა ლალის ლუდს გვისხამს თუნგიდან.
ასე მგონია, ლუხუმი ბერი
შემოადგება შემართულ ლაშარს
და შემოიყვანს ის _ ხევისბერი
ქადაგად დასმულ ფერწასულ ვაჟას.
მის ხმალს და ნამუხლს უხმოდ დავეძებ,
ახ, თუნდაც ერთი მასმინა სიტყვა.
აქ ლექსიც უნდა მუხლზე დაეცეს,
რომ დიდმა ვაჟამ მას მიაკითხა.

***
მზექალო,
***
მზექალო,
დრო იყო:-
სურათი პატარა,-
შენივე ხატება წმინდა,
მიძღვენ და მითხარი:
“-ხატივით ატარე,
თან გქონდეს,
გახსოვდე,
მინდა!”

ძვირფასო,
იმ ძღვენზე ძვირფასი რა მქონდა
(ვერც მიძღვნას ვერა რა კაცმა!)
მყის ყელზე შევიბი შიბით და დამქონდა,
ისე,ვით იესოს ჯვარცმა!
შემდეგ კი, შენ იცი:
შენივე შერისხვის
მახვილი მეხივით მეხო
და მაშინ, მე, შმაგმა
ეშმაკად შეგრაცხე,
გავშალე წყევლათა ეხო…

და შენი ხატება,
მზექალო,
ავახმე…
მკერდიდან მოვიხსენ რისხვით,
მივხოხდი ბუხართან და ცეცხლში ჩავამხე,
დავწყევლე ის დღე და რიცხვი…

ძვირფასო,
შენს პროფილს მოედო მყის ალი,
აინთო
და ჩაქრა ცეცხლი…
დაფერფლილ სურათზე მე მაინც გიცანი,
ვარკვევდი შენს ნაკვთებს შერყვნილს…

ამაოდ მიხმობ

ამაოდ მიხმობ!
ხომ სულერთია:
ჩვენ ვერასოდეს ვერ დავზავდებით.
შენი საუფლო ხევსურეთია,
მე – სამყაროშიც ვერსად ვთავსდები!

მე – მზისკენ მფრენი – მივარღვევ პირქარს
და თუ შენც ჩემს გზას დაეხარბები,
მოგეწვის ფრთები, ვითაარ იკარს,
და ზღვის უფსკრულშიდაიხარჯები!

გაქრა წარსული, ძველ სურათივით,
და მისი ხსოვნაც, ვხედავ ხავსდება…
შენი საუფლო ხევსურეთია,
მე – სამყაროშიც ვერსად ვთავსდები!

ამაოდ მიხმობ!
ხომ სულერთია:
ჩვენ ვერასოდეს ვერ დავზავდებით

***

შინ შმაგი მოველ, ეგება
დევთ დამიტორეს სხეული,
ნაგაზი ფეხქვეშ მეგება,
ჩემს მოფერებას ჩვეული

ჩავწიხლე ძაღლი და ბრაზით
ვბორგავ ვით შლეგი სასმელში,
თვალებით მკითხავს ნაგაზი:
“ჩემო პატრონო რას მერჩი?!”

ერდოზე დავჯექ,მჭირს წყლული,
გულზე დამშანთავს თაკარა,
ჩემთან შემოდის ძმისწული,
მეტიტინება პატარა

დავკივლე, მომწყდი თავიდან!
მოგსრავ, არ უნდა ფიცია!
ბალღი ტირილით წავიდა,
“რას მემართლები ბიძია?!”

შინ შეველ, შოთა რუსთველი,
დანტე და დიდი გოეთე,
მაწვევენ, გადაგვფურცლევი,
სიშმაგეს ეხსენ პოეტო!

ჰა, ხელნაწერიც აქვე ძევს,
თურმე ვთარგმნიდი ესენინს,
-დაგვამთავრე და დაგვხვეწე,
მეხვეწებიან ლექსები.

დაბლა ვანარცხებ ქაღალდებს,
თან ვფიქრობ შმაგი ფიქრითა,
ახ, შემაწვდინა მაღლა მზეს,
რომ ჩამომეგდო იქიდან.

ჩემთან შემოდის მშობელი,
_რა ეშმაკებმა აგრიეს,
რომ არ ხარ ჭკვათა მყოფელი,
რა გემართება გაბრიელ?!

-მზექალო, დედას რა ვუთხრა,
წყლულს რითი მოვიშუშებო?
იქნება ჯობდეს გავუტყდე,
რომ მე ვიწვები უშენოდ.

რომ ვერც დღეს გნახავ ვეღარც ხვალ,
რომ გულს მიბურავს ნაღველი,
რომ შენ აულში აღარ ხარ,
რომ შენ ქალაქში წახვედი.

რომ სამსალიან ზედაშეს
მასმევს იქედნე ბედიო
და ვეუბნები დედაჩემს,
დარდით ვილევი დედიო….

მე რომ სახატე ავიგე,
საც ლოცვა დამირხევია,
წუხელღამ ვიღაც ავის მქმნელს,
უღმერთოდ დაურბევია.

სერობა

მე ახლა მესმის ფშაველის სიბრძნე:
რომ ნისლი, მართლაც, ფიქრია მთების;
აი დასტოვეს კრიალა სივრცე
და მწვერვალებზე დახარეს ფრთები.
რას ბჭობენ მთანი, –ფიქრადქცეულნი?!
მათი გულისთქმა ან კი ვინ იცის…
უცებ…
ნიავი, ფრთააწეული
წაშლის ნისლებს
და ჩანს გვირგვინი ცის…
მზერა ეხსნებათ ზეცის მნათობებს,
უმალ იშლება მთათა სერობა…
არც ფიქრობენ
და არც კამათობენ,
დგება დუმილის უსიერობა…
მწვერვალს გავცქერი ბარისახოდან,
მარად გულისთქმის მათი მკრებელი…
ხომ არ შეგშურდათ ბარის ლაღობა,
თქვით, მთებო,
რა გაქვთ საფიქრებელი?!

ნაომარი ცხენი

ნახა ურიცხვი შეხლა და ცეცხლი,
ხანდახან მარცხიც…
ძრწოლა ბედითი…
დაქროდა ჯიქურ,
ფიცხი და მკვირცხლი
და გადიტანა ბრძოლები დიდი…
პატრონი ჰყავდა
კაცი – ფოლადი,
ვეფხვურ იბრძოდა მუხანათებთან
ფრონტი არ დათმო ბოლო ბრძოლამდე
და ცხენიც როგორ უღალატებდა.
ახლა სადღაა ის ესკადრონი…
მტერზე მიტევა…
შებმა დასებად…
… ზოგჯერ თავლაში მოდის პატრონი
და… ძველ ბრძოლებზე ესაუბრება…

***

შენ ვერასოდეს ისე ვერ დაწერ,
როგორც წვიმა წერს მარტის პოემას:
ჯერ ბარს გაულღობს გათრთვილულ ღაწვებს,
მერე კი მთებთან მართავს პაემანს.
შემდეგ მიწიდან ბალახს ამოხეთქს,
ფერად სიმღერად ყვავილს ამოყრის:
ფრთხილი ფოთოლი ხეზე ამოდ ფეთქს.
ანცი არავი მოლზე ამოდ ქრის.
ფრინველებს დაღვრის ნაირ ჰიმნებად
(კლდეზე შურთები, იქვე ქედნები…)
ო, მარტის წვიმა დიდი ვინმეა,
შენ, აბა, იმას ვით შეედრები.

***

ღრუბლიან დღეში გაიხსნა ზეცა
და მზემ უეცრად გამოანათა;
ჩვენ მივდიოდით მინდორში ერთად
და შევისვენეთ გზაში, – ყანასთან…
მე გითხარ: ჩვენი დღე და სოფელი
ნათელია და ვარაყიანი,
როგორც ეს მზეი – მანათობელი,
როგორც ეს ყანა – ბარაქიანი…
შენ მხრებზე შალი გადაიკეცე
და გაიღიმე ისე ანაზდად, –
თითქოს ხელახლა გაიხსნა ზეცა
და მზემ უეცრად გამოანათა!

***

მთამ გადივარცხნა ქოჩორი ბრძამის,
ბარს აღარ უნდა ნისლებს მონებდეს…
წავიდეთ სახლში… დავტოვოთ ღამე, –
იქნებ მთა ჭალას თავს აწონებდეს…
მიწვა ქედებზე ქარი–არჯალი,
მარტო არაგვი გარბის არულით;
იქნებ ნიავის ნელი ჩურჩული
არის ბაასი სასიყვარულო…
იქნება ტრფობის ფიალას სვამენ
მოლნი, მოღლილნი წყაროს ებანით…
წავიდეთ სახლში…დავტოვოთ ღამე, –
ბუნების თრთოლვა და პაემანი…

განგება

აი, ასა და ღილღოს ცა,
ეს კიდევ საფლავთგორია,
შენს მწირ საფლავზე ვილოცე,
თავი სიზმარში მგონია …
ჩაფერფლილი ვარ ფიქრითა,
სულეთის ქარი შემიჯდა;
ეს აქ მამა წევს,
იქ-ბიძა,
აქ-დედა,
იქაც-მრწემი ძმა. ..
მოვესწარ ყოფნის დიდ ზამთარს, –
რა მილექსს,
რა მეჩანგება …
ნეტავი, სულს რომ მიდგამდა,
რასა ჰფიქრობდა განგება?

მომავალო ქისტის ქალო

მომავალო ქისტის ქალო,
ლაღად მოემართები,
ირხევიან, მოფართქალე,
შენი მკერდის ვარდები.

შორით გიმზერ… გელოდები –
მოგოგმანეს ამაყად,
მიფარავენ მე ლოდები
და მერანიც თანა მყავს.

წელს მარტყია სატევარი,
ხელთ მიპყრია ხირიმი.
მოისწრაფე, ჩემო მთვარე,
ჩემო თეთრო ირემო!

დაგიხვდები, მოგიტაცებ
(ამ გზას ვერსად ასცდები!),
მომყვებოდნენ თოფის ხმაზე
შენი სახლიკაცები!…

ნიავს მოჰგავს ჩემი ცხენი,
რას დამაკლებს მდევარი:
თუ მიყელეს, არ შევრცხვები
თოფით და სატევარით.

ჩემს არხოტში მიგაქროლებ –
გულგავსებულს ურვითა;
რატომ მივცე, გინდაც მქონდეს,
შენს მამა-ძმებს ურვათი?!

გავა ხანი და მოტკბები,
ნაზად მომაჩერდები,
ჩემს ტრფობაში გამოტყდები,
ალაჰს დაგირჩევდები.

შემრიგდება მამაშენიც,
ძღვენით მომეახლება,
შენს ძმებს გავეთამაშები,
გავიხარებთ მძახლები!

მოესწრაფე, ქისტის ქალო,
თორემ აგიჩქარდები.
გადამრევენ, მოფართქალე,
შენი მკერდის ვარდები!

ქისტის ქალების საუბარი

პირველი

მე ისეთი ქმარი მინდა, ქალებო,
შავი ღამე დღენათელი ეგონოს,
ცხენი ჰყავდეს – მოპაექრე ქარების,
შვიდი მერნის გამძლეობის მექონი!

თოფი ჰქონდეს – ბეჭდის თვალსაც არ ასცდეს,
სატევარი – მტერს გულში განეწონოს,
მუხლი ჰქონდეს – შუაღამე ქარაფზე
მიდიოდეს და შარაგზა ეგონოს!

მე ისეთი ქმარი მინდა, ქალებო,
ღონით, მარტომ, ცხრა ვაჟკაცი შეკონოს,
ტანი ჰქონდეს – ჩამოსხმული ყალიბში,
შევხედო და… ჩვენი ციხე მეგონოს!

მეორე

მე კი, დებო, ქმარი მინდა ისეთი:
გული ჰქონდეს, შიში კი არ იცოდეს,
გარს რომ ერტყას მტერი, როგორც ნისლეთი,
იგი ხირიმს დამშვიდებით ისროდეს!

მე, ქალებო, ქმარი მინდა ისეთი:
თვალი ჰქონდეს, ბინდი კი არ იცოდეს,
ყური ჰქონდეს, ჩემგან თქმული: ,,ვის ეტრფი?’’
დღის სავალზე მიესმას და მიცნობდეს!

რიჟრაჟის ჟამს მომიტაცოს ჯიგიტმა,
მდევარს მარტო აბრუნებდეს ის ერთი;
მე შევხედო – შეკრთეს როგორც ჩვილი ყრმა,
ჰოი, დებო, ქმარი მინდა ისეთი!

მესამე

მე, ქალებო, ქმარი სულაც არ მინდა:
ის ჩემს ციალს მოევლება ღრუბლებად…
გიჟმაჟობა მომექცევა არმადა,
მომაკლდება ტკბილი თავისუფლება!

ჩემს სილაღეს გაჰყიდიან არბითად
და აბრაგი დამიმონებს ბოროტი…
მე, ქალებო, ქმარი სულაც არ მინდა,
ქალწულობა მირჩევნია ბოლომდის!..

მე, ქალებო, ქმარი სულაც არ მინდა,
და თუ მამა მაინც მიმცემს მეურვეს,
ვინატრებდი: ჩემი ქმარი, ამ დღიდან,
ძებნას აღარ დაუწყებდეს მეორეს!..

ქისტის ქალის წყევლა

ღალატით მოჰკალ ჩემი ახმედი,
აგრემც ღალატი მოგიღებს ბოლოს…
ისემც ჩასჭკნები,
ისემც ჩახმები,
ვით რთვილის თვეში დამჭკნარი ღოლო…
გაგიტყდეს ხალხში ნამუსის ხიდი,
ოხრით ხვდებოდე მწუხრსა და სისხამს…
პირმოღიმარე ქალმა შეგხედოს
და ღიმი უმალ შესცვალოს ზიზღმა!..

სიცოცხლე

სადღაც შურთხი სტვენს, ზვავი ქუხს და სადღაც ქარი ქრის,
ღილღოს ზამთარმა ვერ ჩაჩუმქრა სიცოცხლის ფეთქვა,
ასა მჩქეფარებს, წყარო ტირის, ჩიტი რტოსა ხრის,
სადღაც შურთხი სტვენს, ზვავი ქუხს და სადღაც ქარი ქრის,
მხოლოდ მაგ სხეულს გამიჯვნია ყოფნა – არიფი,
თითქოს, მზექალო, შენ აქამდე სული არ გედგა…
სადღაც შურთხი სტვენს, ზვავი ქუხს და სადღაც ქარი ქრის,
ღილღოს ზამთარმა ვერ ჩაჩუმქრა სიცოცხლის ფეთქვა.

ლტოლვილი

ძველ აკლდამასთან ბინდმა დამისწრო,
ძველ ჩონჩხთა ლანდი გადამეხია,
უმალ შემზარა ჩრდილთა ღამის ხრომ
და გამოვიქეც კისრისტეხითა.

მოვრბი, მოვარღვევ ღამის უღრანსა,
ჩხავიან ჩონჩხნი ჩემს შეჩვენებას:
,,საით გაგვირბი, ჰოი, უღირსო,
შენ თავად ლანდი და მოჩვენება!…’’

გოდება დედისადმი 

დედი, ვიხრჩობი
შემწე შენს მეტი
ქვეყნად ძე-კაცი არ მეგულება.
უსრულო გეზის მგზავრი შესდექი,
მოდი სამზეოს და მიგალობე.
გესმის, გადმიწყდა ყოვლი ილეჯი,
გულს დედის ჰანგი მზისებრ სჭირდება.
მოგაკითხავდი მანდ, სიკვდილეთში,
მაგრამ უმზეოდ გამიჭირდება.
ყელს მემარყუჟა ბედის შამათი,
სვლა მეძნელება,
გზა მეგველება…
ვიხრჩობი…
შემზე, დედი, შენს მეტი
ამქვეყნად კაცი არ მეგულება…

სალამი გაზაფხულს!

მზექალო, ზამთარი ვათრიე კბილითა,
ღრეობით გავლიე დღენი;
თვეობით მშიოდა ეგ შენი ტკბილი ხმა,
მშიოდა ღიმილი შენი…

სასმელში ვეძებდი წამების წამალსა,
კალამი მივუგდე ჟანგსა
და შენგან შერისხვის თალხიან სამანსა
განწირვით ვალეწდი ჩანგსა…

მაგრამ არ დაიმსხვრა ეს ჩანგი ტიალი, –
კვლავ შენზე სიმღერას ცდილობს;
კალამსაც სწადია შენდამი ტრფიალი
ოდებით ადიდოს, ტკბილო!

სალამი გაზაფხულს!
სიმღერას სალამი!
კვლავ შმაგი მიჯნური მერქვას!
აწყდნენ და ამღერდნენ ჩანგი და კალამი,
რომ ხოტბა შეასხან მზექალს!

ექსპრომტი მეგრელ გოგონას

მე არ ვყოფილვარ სამეგრელოში,
შენ ხევსურეთი არ განგიცდია;
არს შენ მელოდი, არც მე გელოდი,
ჩვენ ერთმანეთი არ გაგვიცვნია.

თბილისში შეყრა, თურმე, გველოდა
და აი შეცხვდით ორი მარტვილი:
შენ – მოფრენილი სამეგრელოდან,
მე – არხოტიდან ჩამოვარდნილი…

შენ კვლავ დაჯდები ტყემლის გრილოში,
მეც, მალე, ქარაფს ავეტოტები;
შენ დამელოდე სამეგრელოში,
მე ხევსურეთში დაგელოდები!

ნეტავი გამაგებინა

კალამს რომ სევდა შესჩივლა,
ეს არხოტელი ვაჟია,
სულ არ მენახე, მერჩივნა,
ნუმც შემხვედრიხარ გზაშია,
მზექალო, შენმა მერდინმა
შუქი ჩამიქრო თვალშია,
ღაწვზე მანანა მადინა,
თეთრი გახშირდა თმაშია,
გამაწირვინა მე ბინა, –
ხელი გავჭრილვარ მთაშია,
გულს დანა დამაგებინა,
დავცურავ სისხლის ზღვაშია,
,,… ნეტავი გამაგებინა,
რა გიდევს გუნებაშია!…’’

ღამეული თვითმკვლელობა

ღამემ შემხუთა…
აღარ შემოდის
სარკმელში შუქი გარიჟრაჟული,
ბარბაცებს ბინდი, ვით ბეგემოტი,
არ ტყდება ზეცის კარი დახშული…

ხელის ცახცახით ვნახულობ ასანთს,
აი, ხანჯალიც – ფხამომახული.
წყეულო ღამევ, მე მოგცემ ლაზათს,
ავანთო გული – ნათლის მსახური!!!

***

მთებს ისევ მკერდზე აყრია
მათი ძახილის ექონი,
ვეღარსად ნახავ მაყრიონს,
აღარც დევების ფეხონი,
ბალახში იმალებიან
ბილიკნი საცალფეხონი.
ნეტავ ასე რად დავემხეთ,
სად გაგვიფრინდა ქედანი,
აღარსად მოყმე და ვეფხი,
აღარსად მათნი დედანი,
უწევს ღირსებით მორთული
არხოტს არხოტის ცხედარი,
ასა კი ყეფით გართული
მირბის, მიხტის და მხნედ არი.
ქვითკირის კუთხზე ჭოტი ზის,
ქედზე ზის ნისლი – მხედარი.

***

წავიდნენ ძველი შვილები,
ლექსი წაიღეს საგზლად.
ტყუილად ვეშიმშილები,
შორეთს გაუდგნენ – სხვა გზას.
მთა გდაიფრინეს მართვეთა.
ბარში ანთებენ კოცონს.
თუ შერჩათ ის შემართება,
რომ მონატრება კოცნონ.
ვიგონებ ანას სტუმრობას
დაურვებული რაშით;
სევდით ნავსები ურმებით,
ვერცხლის სიმებით თმაში.
ნიავთან ანცობს გვირილა,
აღვივებს მიმქრალ ხალისს.
ჭიმღიდან ისმის ყვირილი
უღელდაუდგამი ხარის.

***

თქვენ როცა ქუხდით ჩაუქნი, ჯიქნი,
მე მაშინ ქისტებს ვესროდი ხირიმს
და არ ვეჭვობდი: ჭაუხის იქით, –
რომ თავდებოდა ქვეყნის ნაპირი.
ვზვერავდი მოძმეს ტანშეჭურვილი,
ბორგავდა მტრობა გულს ჩანარჩენი,
შურისძიება მქონდა სურვილად
სა სასახელოდ ქისტის მარჯვენა.
მსხვერპლს დარაჯობდა თეთრი არწივი,
(ჩვენ მისგან ბევრი წყლული გვტკენია),
და რა ვიცოდი, მისი არჩივი
რომ გახდებოდა თქვენი გენიაც.
დღეს კი თქვენს ლექსებს თქვენი მმკობარი
ვასმენ ხევსურებს ცეცხლიან გულით,
გვერდს მიზის ქისტი, – ძმა, მეგობარი
და წელთ მარტყია ისევ ფრანგული.
ახლა ჭაუხსაც სხვა სხივი ანთებს
(ნეტავ იმ დროში თქვენაც მეხილეთ)
და ჩვენი ხანის მარტინოვს, დანტესს
დავეძებ ამ ხმლით პირგამეხილით.

შენ და სასმელი

მუდამ ხომ არ მაქვს თრობის სასმელი,
ფურვა კი შენი უნახველობის
მე მარად მასმევს სევდის სამსალას
რომ არ დავღონდე უნაღველობით.
ჰოდა, როდესაც ღვინის ამქართან
ღრეობის აღმართს ავებღატები, _
რად გაიკვირვებ, _ თავგზა დავკარგო
და მიმავიწყდეს შენი ხატება?
მე რომ სათრობი მუდამდღე მაქვნდეს,
ალბათ აღარც კი მოგისურვებდი
და შენი ტანის უტურფეს ნაკვთებს
გადავშანთავდი სასმლის სხურვებით…

ათასში ერთხელ მომიწევს თრობა,
სხვა დროს კი შენთვის ნაღველი მთანგავს,
ასე შუღლობენ ღვინო და ტრფობა
და ერგებიან მგოსნის გულს ბანგად.
შენც რომ ყოველდღე პირისპირ მყავდე, _
შორს გავტყორცნიდი ღვინის თასს ალბათ,
ვესესხებოდი მეხოტბე შავთელს
და ვიმღერებდი შენს ხოტბას ყალბად, _
ჰო, დიახ, ყალბად!
რადგან მგოსნებმა
თუ გამოვკრიფეთ ნატვრის მაყვალი,
სულ სხვა, ახალ კერპს ვეძებთ ოცნებით,
რომ ახლა მათ ვცეთ სიტყვით თაყვანი.
მაგრამ სასმელი? _
ამგვარი კითხვა
არც დაესმება თრობის ხატებას; _
ვითაარ ლექსს
და ვითაარ სიტყვას,
მგოსნისგან ბანგს არ ეღალატება!

***

შენ ჭერქვეშ სტუმრობა ორ ქისტს და ერთ ხევსურს
გვანიჭებს ხალისს და უნაზეს მოლოდინს,
თანაბრად გვიღიმი,სტუმრებს კი ესე გვსურს
ერთ ჩვენგანს საკუთრად მიენდო ბოლომდის.

დილაზე წამომდგართ ჭრელ ნოხებს დაგვიფენ
დავსხდებიტ რომ ვჭიმოთ ტრფიალის ჭაპანი,
უხდება ხუმრობა მეგობარ რაყიფებს
მეც ერთი ხევსური არა ვარ ჯაბანი.

ზოგჯერ კი გავალთ და მერნებით ჯიქითა
დავქრივართ,შენ გვიმზერღიმილის მხატავი,
ქისტები ნათქვამნი არიან ჯიგიტად
მაგრამ არც მე ვუჭერ ჩემ ლურჯას სადავეს.

როდესაც მნათობი შუა ცას დალახავს
შავ ნაბდებს გაშლიან მინდორზე ქისტები,
მოხრიან მუხლებს და შესთხოვენ _ალაჰო,
ამ ლამაზ ქალშავას შენს მონას მისცემდე.

ჩვენ ვრჩებით, ხვთის ნაცვლად ვარ შენზე მლოცველი
და აი,თანხმობით შეერთდნენ ბაგენი,
გონს როცა მოვედით თვალგანაოცები
ქისტები პირისპირ გვიმზერდნენ შმაგები..

ერთბაშდ შეიკრეს თავები ჩალმითა
შესხდნენ და გაქუსლეს,მერნები ქარული,
აწ,ნიავს ჩამოაქვს სოფელზე ჩავლითა
ალაჰის გმობა და ცხენების თქარუნი…

დიდი მზე

ღამე ღრუბელთა ღალას თუ მზითევს
მძღვნის
და იღვრება ნამად თუ ოფლად.
ქვესკნელსდანთქმული მზე ამოვზიდე
და დამაშვრალი ვბრუნდები სოფლად.
ვეშვები დაბლა, გულგახვითქული,
თან კმაყოფილი ქველობით ჩემით;
სამყაროს იპყრობს დილა დიდგული,
მზე კი მთის თხემზე კაშკაშებს კდემით.
ჰაუ, რამდენი სისხლი და ჯაფა
ვხარჯე,
რომ ღამე მექცია დღედა;
მიგლეჯდა ჯანღი სიჯიქის ჯავშანს
და მაგინებდა ცოლსა და დედას.
უკუნი კუპრის კბილებით მკბენდა,
ყინვა მიპყრობდა მთოშავი ჭანგით,
ხანდახან კბილით ვეკიდე კბოდეს
და მაინც
სიტყვით,
გულით თუ ჰანგით,
მთელი ძალ–ღონით,
ჭირით თუ ეჭვით,
თუ რამ გამაჩნდა ან ახლა მახლავს, –
მგოსნის გულით
და იმედის ჯაჭვით
მზეს ვეწეოდი მაღლა და მაღლა…
და აი,
ღამე ღრუბელთა მზითევს
ტოვებს
და ბოლავს ორთქლად თუ ნისლად;
ქვესკნელს დანთქმული მზე ამოვზიდე
და აწ, დამაშვრალს, შინ მინდა მისვლა,
რომ დავივანო მიწურის ჭერქვეშ,
რომ მოვიმარჯვო სიმხნე და ჯანი,
რომ ამ დიდი დღის ქომაგი მერქვას,
რომ ამ ჩემს დიდ მზეს ვუმიჯნო ჯანღი,
რადგან თუმც ღამე
ხარკსა თუ ხოტბას
მიძღვნის ახლა,
მაინც მოსისხლედ რჩება;
მე, შიძლება, წავთვლიმო ცოტა,
მაგრამ ღრმა ძილის არა მაქვს ნება.

არხოტის მთებს

მე თქვენს უმკაცრეს ქარიშხალებს ვეტრფიალები,
თქვენს მიუწდომელ კლდის ქიმებზე მიყვარს ოცნება,
მოაქვთ გრიგალებს ნამქერების თეთრი ალაფი,
მე თქვენს უმკაცრეს ქარიშხალებს ვეტრფიალები;
გმოსავთ ნისლები ელვამეხის ეტლიანები, –
თქვენს ქარაფებში ვაჟას ლანდი მესაოცრება;
მე თქვენს უმკაცრეს ქარიშხალებს ვეტრფიალები,
თქვენს მიუწდომელ კლდის ქიმებზე მიყვარს ოცნება.

წინათ და ახლა

აქ მივდიოდით ჩვენ ცხრა წლის წინათ,
ქვეყნად და გულშიც მაისი იდგა,
გულში იმგვარად მნათობის ბრწყინვა
ქვეყნად მზის ხილვა
აწ ვეღარ ითქვას…
მზექა,
შენ ახლა საფლავში გძინავს,
მე ამას ვამბობ და სული მიდგას…
ახლა მნათობი სისხლისფრად ბრწყინავს,
ჰგავსგულიც, ახლა, მეწამულ მიტკალს…
ასე მგონია:
უსისხლოდ დამკლეს,
ჩემი მზე უფსკრულს გადაექანა…
თავით შეასკდი, გაბრიელ, ამ კლდეს,
რომ გაგებზაროს წყეული ქალა…

• • •

იცით,მე ვინ ვარ,_რომ არ ვთქვა ბევრი,_
მცირე მტვერი ვარ შოთას კალმისა,
გურამიშვილის ვარ ცოტა ცრემლი
და ერთი თასმა ვაჟას ქალმნისა.

მე ჭავჭავაძის ვარ სისხლის წვეთი,
ბარათაშვილის ვარ ერთი ოხვრა,
ამიტომ მქვიან ალბათ პოეტი
და მათ მუხლებთან მიხდება მოხრა!

***

მე მწყემსი ვიყავ
შორ მთებში
ვუდექი სოფლის ნახირსა;
ჩემი მგოსნობის მორბედი-
მზექალი ბედმა მაღირსა.
მაგრამ გრიგალმა დამქროლა:
მიჯნური ღილღოს დამიწდა…
კენტობის ქუსლმა დამქროლა,
სამწყსოც პირწმინდად გამიწყდა.
ახლა ერთი ხბოც არა მყავს,
მგოსნობის მადლიც წამერთვა.
ვუყეფ არყოფნის ალაყაფს:
შამიშვი,
მართე ღამეთა!

***

წამოდი ცაში,
მაგ სნეულ სხეულს,
მე ვუდასტაქარებ შუქის ლექსებით;
მზეს მაცოცხლებელს გამოვთხოვ სხივებს,
მაინც გამოვთხოვ,
არ მოვეშვები!
და თუ მნათობი მაინც გაკუშტდა,
არ გაიმეტა შენთვის წამალი,
გულს ამოვიგლეჯ, მზექალ-საკუთარს,
და შენ ჩაგიდგამ!
დაე,
ალალი იყოს ის შენთვის!
თუ ბედნიერი იქნები მგოსნის
ქალღმერთი ჯიქი!
ჩემთვის კი , აბა რა ბედენაა,
თუ რომელ მკერდქვეშ იბორგებს იგი!

ძაღლის სიმღერა

გათენდი და მორჩი, ბარემ,
სადღაც გორზე მგელი ღმუის…
მოდის მთვარე –
მომთაბარე
ღრუბლის ნიღბით შენიღბული…
სუსტად ოხრავს შავი ღამე,
ბუ ქვითინებს ჟამით–ჟამად…
მშია…
ყვეფით დავიღალე…
ნეტავ მთვარე შემეჭამა!..
კრთია ნამის კრისტალები,
ჩრდილნი მზერას მიმძიმებენ;
ვარსკვლავები – მგლის თვალები
მიბნედილად ციმციმებენ…
მარშიყეთი იცლის ბურანს,
თან სისხლიან თათს ილოკავს;
სერზე გარბის ნისლის ქულა,
როგორც ჩემი თეთრი ლეკვი…
გათენდი და მორჩი, ბარემ,
სადღაც გორზე მგელი ღმუის;
მიდის მთვარე
მომთაბარე
ღრუბლის ნიღბით შენიღბული…

ნახირში – ბოდლერით

ნახირში ვარ და ვკითხულობ ბოდლერს,
კრისტალურ სიზმრის აღსდგა კედელი,
ვითაარ მატლი გაცრეცილ ფოთლებს, –
გულს მიღრღნის დარდი დაუშრეტელი…
გავხედავ ნახირს:
ბალახის ჩოხა
შვენის მსუყე მოლს, ტყის პირას გაწვდილს;
მოზვერს შეზმუის ბებერი ძროხა,
ვით ქვრივი ქალი უწვერულ ყმაწვილს.
გორაკზე ვზივარ, წყაროს მახლობლად,
მზე ჩადის…
დგება შემოღამება…
რა სიმაძღრეა და უნაღვლობა…
გავყურებ ნახირს
და მეღიმება…

***

მხრებზე შეისვეს ღამე სერებმა,
ამ გულშიც ამის შავობს შენობა,
მოვკვდები – ბეჭზე დამეწერება
შენზე წუხილი და უშენობა…

აი, ვბერდები, ამიღარია
შუბლი ნაოჭთა მდაღავ ბანდულით,
ვბერდები… მაგრამ თან მიხარია,
რომ მრჩება გული ახალგაზრდული!

რომ ჩემს ხსოვნაში შანთით ამოვწვი
ეგ შენი სახე, ღიმილისმჩენი,
რომ, როგორც მარტვილს შავი სამოსი,
ისე მაცვია სიშორე შენი…

ო, მიხარია: როგორც მინდია,
რომ მე წმინდა ვარ, ოცნებით მქროლი,
რომ ჩემი გრძნობაც ისე წმინდაა,
როგორც ქარაფში ჩანჩქერის თქორი!

მხრებზე შეისვეს ღამე სერებმა,
ჩემშიც კაეშნის შავობს შენობა,
მოვკვდები – ბეჭზე დამეწერება
შენთვის წუხილი და უშენობა…

დაქვრივებული ქისტის ქალის ნანა 

მამაშენი მტრებმა მოკლეს გუშინ,
დაიხსომე,
დაინერგე გულში:
გაიზრდები და მაგიერს უზღავ!
რომ იცოდე: რა ვარამსა ვკვნეტავ…
ერთი კვირით კაცად ვიქცე ნეტავ!..
ავახ,
ალახ,
რისხვის ცეცხლი მნუსხავს…
რად გედება, შვილო, ოფლის ნამი,
იქნებ ჯვარი შენც გაწუხებს მამის,
ან შეგაკრთო მკვდარი მშობლის ხმამა…
შუაღამის სუნთქვა მოაქვს ნიავს,
ყელს შეგაბამ გულში გავლილ ტყვიას –
ეს ის არის, რომ განგმირა მამა…
ემაგ ტყვიით უნდა მოჰკლა მკვლელი!
გაიზარდე,
გამოიღე ხელი:
იაბრეკე, –
მთებია…
და ტყეა…
ხოლო, შვილო, თუ გამოხვედ ტრელი,
თუ ახარე მოსისხლე და მტერი,
მაშინ შენვე მოგხვდეს ეგე ტყვია…

საუბარი მარიამობისთვის ყვავილებთან

რა კარგები ხართ! –
უთვალავ ფერთა
აფრქვევთ და გულზე ნათელს მიალებთ;
გზად მიმავალი ჩამოვჯექ თქვენთან
ვინმე პოეტი მოხეტიალე.
ვინ ვარ?
სად მივალ? –
რა ვიცი, აბა,
მხოლოდ ეს კია: –
გიმზერთ და ცხადად
ვხედავ: – ეპარვის თქვენს მზისფერ კაბას
სენი ჭკნობისა, – სიბერის ზადად…
თქვენც, ჩემებრ, ჭკნობის გეპარვით სენი
და მაინც, კარგნო, საოცრად შვენით.
ო, ეს სიწყნარე შემოდგომური,
უზადო, ნაზი მოწყენილობა…
ასის ხეობა, – ნისლთა გომური, –
მთებში შეჭრილა, როგორც ჭრილობა.
ასა გიმღერით მის ნაპირთ გაშლილ
სათუთ ყვავილებს მთების მუნასიბს.
ღრუბლებში ღუის მნათობი – ვაშლი,
ხევსში მიძვრება ნისლი – უნასი…
ო, ყვავილებო, ნუ შეშინდებით,
მზე არ დაიწვის,
ვერც გიმტრობთ ნისლი;
ცაზე დამწიფდა წითლად შინდები,
იქ არც ცეცხლია და არცთუ სახლი!..
მზისკაბიანნო, მაუწყეთ მგოსანს:
თქვენ თუ გსმენიათ სახელი „მზექალ“,
ვინც ჯერ აღმაზო და მერე მომსრა,
თავზე რომ მეხი გადამაჭექა….
ო, ყვავილებო, მაუწყეთ მწირსა:
თქვენც იქნებ იტანთ მიჯნურის სახმილს;
მე ცხადად მჯერა:
ტრფიალი გჭირთ და
მავანნი ალბათ ამიტომ ჩახმით!..
თქვენს კაცურ გრძნობებს ვაჟამ უმღერა
და მის ნათქვამში ეჭვის შერევა
არ ძალუძს ძეკაცს, –
ჩარგლის ბუმბერაზს
თავად სიზმარიც დაეჯერება.
და მე მით უფრო, – მის მორჩილ შეგირდს,
მგოსნის ნამღერი ხატად მიცნია…
…ვდარდობ, ყვავილნო, სატრფოსთვის შლეგი,
რომ არ ვიდარდო, არ შემიძლია.
დამზრალი მზისთვის ხომ მიწყივ დარდობს
და მეც სახმილმა ვით არ დამხაროს,
რა მიხაროდეს მზექალის დამთმობს?
აბა, დაჰკარგოს კაცმა სამყარო,
ვით არ ინაღვლოს, ის კაცი თუა,
თუკი დაჰკარგა კაცმა ყოველი?
ჩემთვის მზექალი მზის სათავეა,
მითაც მჭირს ჭირი განუზომელი…
ახ, ეს სიწყნარე შემოდგომური,
საოცრად ნაზი მოწყენილობა.
ასის ხეობა, – ნისლთა გომური, –
მთებში შეჭრილა, როგორც ჭრილობა.
ო, რარიგ მშვიდი ფშვინავენ მთები…
…გიმზერთ, მამძიმებს ურვის გაროზი
და განვლილ დღეთა სურნელით ვთვრები.
მგოსანს მარადჟამს მდაგავდნენ მთანი:
ცისკარი,
მარეხ,
მერე მზექალი…
მიკვირს, ვით ვძლიე სინათლე მათი
და კვალად საღი შემრჩა მე თვალი.
რის დაბრმავება:
სისკარ და მარეხ
მე თვით ჩავაქრენ, ჩაუქრობელმა
და კვლავ აღვანთენ,
ვით მზემან მთვარე
(სიტყვის სინათლით!), – ლექსთა მპყრობელმა.
მე ისეთი ვარ, რომ შეიძლება
თავად მზექალიც ჩავაქრო ჩქარა
და მერე კვდომის მრუმე ნისლებსა
ვეკვეთოთ შმაგი, ლექსების ჩქერით.
თვით არც დავბრმავდე
და არცა ჩავქრე, –
ცეცხლად ნთებული და სხივოსანი
და ლექსის შუქით ჟამსა და ნამქერს
ვძლიო,
დე, მერქვას თალხი მგოსანი.

***

მე პოეტობა

სანუკვარი მადლი მეგონა

და ახლა მივხვდი: ის უღელი

თურმე ყოფილა.

მარჯვე სტრიქონი

ყოვლისმზომი ადლი მეგონა,

მაგრამ სამყარო მეტად ვრცელი

თურმე ყოფილა.

პირველი ლექსი

ამაღლება ჩემი მეგონა,

მცირე გორაკი

მე მწვერვალის თხემი მეგონა,

უწვერულ ჭაბუკს

ვაჟა ჩემზე მრწემი მეგონა,

ყრმობის ოცნება თვალუხელი

თურმე ყოფილა…

მე პოეზია

მოუმკელი ყანა მეგონა,

წვერი კალმისა მეტად მჭრელი

დანა მეგონა,

მოძმისთვის მღერა ასე ძნელი

განა მეგონა,

ტანჯვა მგოსნისგან განუყრელი

თურმე ყოფილა!

ვედრება მიტოვებული აულისათვის

ჰოი, ღილღოს დაღრუბლულო ზეცავ,
დააწვიმე მწირ აულებს უწმინდესი ცრემლი,
ნუ მოიხსნი თეთრი ნისლის ზეწარს,
შენს ვაებას ჩამოაგავს მათი თალხი რამლი…
ამ აულებს ახლაც ახსოვთ, ზეცავ,
ქისტის ქალის – ჰადიშათის, გაღიმება მწირის…
დღეს ის ქალი სად დაგოგავს, ნეტავ,
სად იგონებს მშობელ მთებს და უსასოოდ ტირის…
იქნებ ჩაქრა თვალთა მისთა ღვარი,
გამოაკლდა დობილებს და შეერია ქაოსს…
დააწვიმე მწირ აულებს ცვარი,
ჰოი, ღილღოს დაღრუბულო ცაო!

ოთხი არაგვის ჩამოტანილი

ფშაველი გოგოს უმწიკვლო ღიმილს, _
მთების ზეცა რომ თვალზე ირეკლავს,
როშკაში მყუდრო ზაფხულის ღამეს, _
ნისლთა ნახირს რომ წყალზე მირეკავს,
გუდამაყარში ბატკნების ბღავილს
და მთიულეთში გალეშილ მაყრებს,
ცხენოსან ხევსურს,
ქვეითა ფშაველს,
თექიან მთიულს და გუდამაყრელს,
ჩარგლური დილის საამო სურნელს
და იმ მადლს რასაც ჩარგალი ფიქრობს,
ჭირსა და ლხინში მწერსა და მკურნალს
ვაჟა-ფშაველას ელვარე სტრიქონს, _
მე ყველა ამას მეტეხის ყურთან
(წყალს რომ ჰკვეთს მრუმე ყამა ტინისა)
მტკვარში ვკითხულობ, ვითაარ უსტარს,
ოთხი არაგვის ჩამოტანილსა.

***

ო, შენ არ იყავ ასეთი ნაზი,
მე თვითონ შეგთხზე და ეს თხზულება
მე შევიყვარე,¬- პოეტურ აზრის
როგორც ციური განსხეულება.
ვიყავ ჭაბუკი.გული მეგობარს
ეძებდა ჯიქურ და ჩვენი სოფლის
მყუდრო წიაღში შენ მოგებარა,
როგორც ტოლი ტოლს და გრძნობის საბლით
მოება შენზე. მყისვე მეცხრე ცას
მისწვდნენ ოცნების ძაფთა სიგრძენი,
ვცადე, ვერ შევძელ მათი შეკვეცა,
შენ მიგრძენი… და აღარც მიგრძენი.
ო, შენ არ იყავი ასეთი კარგი,
მაგრამ ვერ მოგწვდი…
ნარნალ თხზულებად
მე შემდეგ შეგთხზე,-პოეტურ სარკის
როგორც ციური განსხეულება.
მერე დავშორდით. ბედმა მე ახლა
წავარნებს მიმცა მიწყვის ხეტებად;
შენ ბარში დარჩი,მე მთებს ვეახელ,
მაგრამ თან გამყვა შენი ხატება.
მე ამ ხატებას ზადი ამ სოფლის
ჩამოვაცალე ოცნებით ჩემით
და ამნაირად მივეც სამშობლოს
ქალი, ვაჟაის ეთერზე მრწემი.
ო, შენ არ იყავ ასეთი კარგი,
მე თვითონ შეგთხზე და ეს თხზულება.
მე შევიყვარე,-პოეტურ სარკის
როგორც ციური განსხეულება.

***

ხუცესი შენს თავს ახვეწებ გამჩენს,
ხატი კარს ხალხი დამდგარა ჯგუფად.
მე გულში ეჭვი როგორ არ ჩამრჩეს:
ასე გულდაგულ რასა სთხოვ უფალს?
რასა სთხოვ უფალს მერყევი მზერით,
მწუხარე მზერით და ურვის ჩემით?
„უსმინე, ღმერთო!“- ხმობს ხევისბერი,
„ჩემი ქმენ, ღმერთო!“- მე ვამბობ ჟინით.
„ჩემი ქმენ, ღმერთო!“-მე შევთხოვ უფალს
და მსხვერპლის სისხლიანს იღებს გამჩენი.
მე შენთვის ურვა მსხვერპლივით მღუპავს
და ეგ საკლავიც გულია ჩემი.
რასა სთხოვ უფალს?-
იქნებ ჩემს რაყიპს
ავედრებ გულით მოცახცახეთი?
ეს რომ ვიცოდე,-ცერბერის ყეფით
„წყეულიმც იყავ!“ მოგაძახდებდი.
ხუცესი შენს თავს ახვეწებ გამჩენს,
ხატის წინ ხალხი დამდგარა ჯგუფად.
მე გულში ეჭვი როგორ არ ჩამრჩეს:
ასე გულდაგულ რასა სთხოვ უფალს.

***

მხრებზე შეისვეს ღამე სერებმა,
ამ გულშიც ამის შავობს შენობა,
მოვკვდები – ბეჭზე დამეწერება
შენზე წუხილი და უშენობა…

აი, ვბერდები, ამიღარია
შუბლი ნაოჭთა მდაღავ ბანდულით,
ვბერდები… მაგრამ თან მიხარია,
რომ მრჩება გული ახალგაზრდული!

რომ ჩემს ხსოვნაში შანთით ამოვწვი
ეგ შენი სახე, ღიმილისმჩენი,
რომ, როგორც მარტვილს შავი სამოსი,
ისე მაცვია სიშორე შენი…

ო, მიხარია: როგორც მინდია,
რომ მე წმინდა ვარ, ოცნებით მქროლი,
რომ ჩემი გრძნობაც ისე წმინდაა,
როგორც ქარაფში ჩანჩქერის თქორი!

მხრებზე შეისვეს ღამე სერებმა,
ჩემშიც კაეშნის შავობს შენობა,
მოვკვდები – ბეჭზე დამეწერება
შენთვის წუხილი და უშენობა…

ინვექტივა-მონუმენტი
I
სამყაროს რისხვა შენთვის ახია
და რისხვაც გითხარ მე, სიტყვის ლოთმა,
რამდენი ღერი თმისა გასხია,
იმდენი კაცის გამძიმებს ცოდვა.
წყეულო თავზე რამდენი თმა გაქვს,
იმდენი დედის გიღვრია ცრემლი,
შენი ქოჩორი ჩამოგავს ჯაგარს, –
შუბლს დასწოლია ვითარცა გველი.
შეკრული შუბლი შავი ხევია,
წარბნი გველნია, სავსე შხამითა,
ისინი არც კი შეირხევიან
გინდ გადაბრუნდეს ეს დედამიწა.
მილიონები მაგ შუბლს ჰმონებენ,
ხალხი მის რისხვას ვეღარ იცილებს,
ეგ ნაოჭები მე მაგონებენ:
წვრილად დახლართულ გველის ნაწილებს.
შუბლის ნაოჭნი გველის წიწილებს
ჰგვანან, – მათ წარბი – გველი ეთავსა
და მჯერა: – მალე ყველა იწივლებს:
ადამის ძეთა ამოწყვეტასა…

2
ჩაღრმავებული შენი თვალები
ვულკანებია ჯოჯოხეთისა,
უცხოა მათთვის რამ შებრალება,
უცხოა მათთვის ცრემლის წვეთიცა…
მშვიდად უმზერენ ხალხთა წამებას
თვალები შენი, – ჩვეულნი გარყვნას,
მათ შეუძლიათ შეუწყნარებლად
ასე უმზირონ სამყაროს წარღვნას.
მაგ თვალებს ძალუძს რომ გადიტანონ
სოდომის ჭვრეტა განუწყვეტელი;
ეგ მზერა მოჰგავს ასპიტ პიტალოს,
მისთვის უცხოა აზრი კეთილი.
თვალში გველები
შუბლზე გველები,
წარბნიც გველები – გველებს ეთვისა
შენი ყურები არის ხვრელები
იმ დამეხილი ჯოჯოხეთისა.
შენი ყურები სატანის მოდგმის, –
არის ხვრელები ლუციფერისა,
რომელთაც ძალუძთ შენივე ხოტბის
მშვიდად მოსმენა, – სხვა არაფერი.
ხოლო ტუჩები, შხამით ნაცვრევი,
უმალ მაგონებს ურჩხულის ტუჩებს,
რომ ღაღადებენ ხალხთა დაქცევის
და წყევლის სიტყვას არსმენილს, უჩვევს…

3
შენ დააბნელე მსოფლიო თალხით,
მზეს მოერკალე კუპრის ღრუბლებად,
თავისუფლება წაართვი ხალხებს
და თავისუფლად ფიქრის უფლებაც.
შენ ხალხი ისე მოაშთე ტანჯვით,
რომ თვით ხოტბასაც, შენს მიმართ, კრძალვით
გამოთქვამს იგი,
აჟრჟოლებს ტანში, –
უღვთოდ დამეხილს უხეში ძალით.
შენ ზეცის შვიდივ კარი დარაზე,
ხალხს ჯოჯოხეთის დაეცი მეხი,
რაც წმინდა იყო ამ ქვეყანაზე
შელახე უღვთოდ, გათელე ფეხით,
შენ უბოროტეს დემონის ჯუფთი
მკრეხელობ ურცხვად, ზვავად, თავნებად.
შენ უწმინდესი ტაძრები უფლის
გადააქციე ცხენის თავლებად.
კლდეც უგრძნობელი, შენ ააკვნესე
და შენმა შხამმა მთებიც მონავსა,
მიკვირს ვით იტანს პლანეტა ესე
მაგ სისაძაგლეს გაუგონარსა!
ბარი სისხლისგან მთლად იწრიტება,
მოლნიც მოცვარა სისხლისა მცვრევამ,
ჰაერი რად არ დაიშრიტება
ან ზეცა რად არ ჩამოიქცევა…
რად არ შეუდგა ქვეყანას ჟამი,
რად არ იქცევა ნეტავ ქედები –
შენგან დაღვრილი ამდენი შხამით,
რაც დააზღვავე შენივ ქმედებით…
მდინარეთ დარად უვრცეს ზღვებს ერთვის
ხალხთა სისხლისა და ცრემლის ჩქერი;
ადამის ძეთა სიცოცხლე შენთვის
არის უბრალო გაფრენა მწერის.
შენ ხალხებს ზაკვის აუცერ ხვითო
და ორპირობა საქვეყნოდ გათქვი,
ო, ნუ იფიქრებ გწყევლიდე ვითომ, –
შენ წყეული ხარ შენივე საქმით.
შენ წყეული ხარ შენივე აზრით,
შენ ბოროტების კიდემდე მიხვედ,
შენ ეს ქვეყანა მონების ბაზრად
შენ ეს ქვეყანა აქციე ციხედ.
აქციე ციხედ თუჯის თაღებით
და ადენ ტყვეთა სისხლის უხვ წყაროს,
შენ თავკაცების წმინდა წაღები
მოხადე ხალხებს, მხეცო უწყალოვ!
შენ თავკაცების მწვედ გამწირველი
ტანჯულ ხალხს ხდიდი მართალთა წაღებს,
რომ ყოფილიყავ თავად პირველი,
რომ დაგეოკა ეგ სიამაყე.
რა დაგაოკებს, რა შეგაჩერებს,
ხალხს ვით შეხორცდეს ჭრილობის შრენი…
ძარცვავ თვალდათვალ და თან გვაჯერებ,
რომ ხალხისათვის სიკეთეს შვრები.
და ხალხთა თავზე აწვდილ დიდ მახვილს
ვინ შეაგებოს ხმალი თუ ჩადრი…
ხოცავ თვალდათვალ და თან იძახი,
რომ ხალხისათვისს წყალობას სჩადი.
ძალა ხელთა გაქვს, ვის რასა ჰკითხავ, –
სიტყვას ჭეშმარიტს ხარჯავ თუ არა,
სტყუი თვალდათვალ, მაგრამ ვინ გითხრას,
რომ შენ წყეულო, ხარ მატყუარა.
დიახ, ხელთა გაქვს ყველა უფლება
და ვინც იშიშვლებს სიმართლის ხანჯალს,
მყის მოგუდავენ ჭორის ღრუბლებით,
თან მილიონებს მიცემენ ხანძარს.
ღაწვს არ დაგიწვავს შენა სიწითლის,
ცრუ არც ნამუსის ქენჯნას გრძნობ ოდნავ,
თუმცა რა უნდა შენთან სინიდისს, –
სიმართლედ გიჩანს თვით შენი ბოდვაც.
შენ ჯოჯოხეთის შავო ნაცარო, –
ნუთუ ვერასდროს მოგაშთონ წლებმაც,
მზად ხარ: სამყარო თავს ანაცვალო,
რომ მიაღწიო დიდების მწვერვალს.
ეს კიდეც შესძელ შენ უეჭველად
და ტირანთ ღმერთზე ხარ ასჯერ მეტი,
მაგ ბოროტებით ო, გველო ჭრელო,
თავად დაიდგი შენ მონუმენტი.
შენ მონუმენტი თვალმიუწვდენი
თავად დაიდგი სიავის შმორით
და იმავ ძეგლთან პლანეტა ჩვენი
ჩანს, როგორც მზესთან ვარსკვლავი შორი.

5
რამდენი ღერი თმისა გასხია,
იმდენი დედის გამძიმებს ცრემლი,
სამყაროს რისხვა შენთვის ახია
და ეს სამყაროც გრისხავს და გწყევლის.
შენ აქ მიწიერს იქმნი პარადიზმს,
ეგ შვება ფსკერზე შავ სისხლს ილექავს,
იყავ წყეული აწ და მარადის
ეგ მიწა გექცეს ტანჯვის დილეგად.
ხალხთა მძლე რისხვით აგევსოს ჯამი,
გაგიწყდეს ჟამი შერიგებისა,
ოდეს დადგება ჟამი განკითხვის,
როს წარუდგები უფალ-იესოს,
რათა სასჯელი ტანჯვის, განკითხვის
მოგეზღოს მხეცო უსაზიზღრესო!

6
შავ აეშაგთა, შავთა მსტოვართა
ხარ შავ ხროვაში გამოკიდული,
შენდა საქებრად ცრუ ხელოვანთა
შენ ააყეფე ხმა მოსყიდული.
ხოლო ნამდვილი მუზა ჩაჰკალი,
ციხეს მიეცი მგოსნები ხალხის,
რომ ვეღარ ეთქათ სიტყვა მართალი, –
თუ ვით წვავს ერებს სახმილი ალხი,
დაიცა შენი ჯერიც დადგება, –
აღიმაღლებენ დევნილნი სიტყვას
და მათი ლექსის მძლე აზათქება
არც შენ დაგინდობს, არ გაგიკითხავს.
ო, მათი რისხვის სიტყვამრავლობა
გულზე დაგასობს ფოლადის ფიწალს
და ლექსი ეტყვის შთამომავლობას
თუ რა არგუნე შენ დედამიწას.

7
შენ ყველა ყრმაში შენ მონას ეძებ
და ყოველ საღ აზრს ახშობ და სდევნი,
მაგრამ იცოდე: თაობა ესე
ხვალ მესაფლავე იქნება შენი.
შენ სიმართლისთვის ყველა მორკინალს
აწამებ, აშთობ, ატყვევებ, დევნი…
შენი მკლავები არის ბორკილი, –
ხუნდი ვეება თვალმიუწვდენი.
რაიცა გველი ამა პლანეტას,
შემოხვევია და ხარბად სალტავს,
თან მაინც კიდე ეცოტავება
ესე მსოფლიო სამეფო ტახტად.
გულხარბო შენთვის ცოტაა, ვერ გღლის
შენივე ცოდვა აზრმიუწვდენი,
შენ უდიდესი აიგე ძეგლი,
ძეგლი ცოდვისა, – ზღვა სისხლისმდენი.
ძეგლი სიმკაცრის, ძეგლი ვამპირის,
ძეგლი სიკვდილის თოვლად მთოველი,
სადაც ყოველი ნაკვთი გაჰყვირის: –
მხოლოდ მე! მხოლოდ ჩემთვის ყოველი!

8
შენ მიუჩინე ჯაშუშად ძმა ძმას,
უღვთოდ გაყიდა შვილი მშობელმა,
ქმარი ცოლს უწნავს სიკვდილის თასმას,
დამ და დაახრჩო დაუნდობელად –
და ისიც რისთვის? – ლუკმისთვის მარტო,
რადგან ხალხს პურად არგუნე ქატო.
არარს კალამი, არც სიტყვა სხარტი
მთელი სისრულით რომ გამოგხატოს.

9
შენ მხეცის მხრებით უკუნი მოგაქვს,
ჰკოცნი უკუნის შავ ხმალს ხეტარზე.
შენი ფეხები ორ ურჩხულს მოგავს,
რომ აბოტებენ ამ პლანეტაზე.
მათი ტვირთის ქვეშ მზის შუქი კვდება,
კლდე ვეღარ უძლებს ქუსლებს ტიტანურს.
მე მიკვირს მიწა როგორ არ სკდება,
რომ შენ ურჩხულო, თან ჩაგიტანოს.
ნაბანო ზაკვის ფოლორც ემბაზში,
ხარ ბელზებელი მწვედ შენიღბული
მთელი სამყაროს ბოროტებაზე
უბოროტეს არს ეგ შენი გული.
იგი ქვესკნელის მინოსს ეძმება
და არის მასზეც ათასჯერ მეტი,
აბა, მე სად მაქვს იმის შეძლება
ჩამოვქნა სიტყვით სატანის სვეტი.
შენ თვით დახატე შენი ხატება,
შენივე სიტყვით, შენივე საქმით,
რომ ძეგლი იგი, შემდეგ, ხალხებმა,
მოსრან, – მიწიდან ქვესკნელში დანთქმით.
შენ ჯოჯოხეთის ხარ ხელოვანი,
შენ მართლაც დიდი აიგე ძეგლი,
ცრემლით და სისხლით სახელოვანი
შენ ხალხთა ყოფას ქელავ და ჯექნი.

10
აწ ჟამმა დაჰკრა, დადექ, იუდავ,
იცან სიკვდილი სისხლის ბელადმა
და ხალხს, წარღვნას რომ მიჰქადდი მუდამ, –
დღეს თვით შენ მიხველ სახრჩობელასთან.
იცან სიკვდილი სისხლის ბელადმა,
ჩაჰკალ იმედი შველა-დახსნისა.
დღეს შენ თვით მიხველ სახრჩობელასთან
და უკან მოგყვა წყევლა ხალხისა.
შენთვის სამყაროს ახია რისხვა
და რისხვაც გითხარ მე – სიტყვის ლოთმა
რამდენი ღერი გასხია თმისა,
იმდენი დედის გამძიმებს ცოდვა,
სამყაროს რისხვა შენთვის ახია
და ეს სამყაროც გრისხავს და გწყევლის,
რამდენი ღერი თმისა გასხია,
იმდენი დედის გიღვრია ცრემლი.
დრო დადგა, აღსდგა ახლა სამყარო
და შენი ხუნდიც იხსნის ტვირთებსა,
ჩაძაღლდი მხეცო, გაუმაძღარო,
შენთვის არავინ არ ატირდება.

1950-53 წწ

ექო

წყალს ბარად ჩასვლა მოსწყურდა
და ქარაფიდან ჩაიქცა,
მთას უმალ გული მოსწყლულდა:
_ ჩემი წაწალი რა იქნა?
ხმა დაიგრიხა, აქაფდა
და ორწოხებში აიქნა.
მერე მთაწმინდა აყეფდა:
_ … ემი
… აწალი
… ა … იქნა…

ნაძვი და ფიჭვი

ნაძვი ფიჭვს შაეკითხება:
_ მთიელს ბარის მზე რად გინდა,
თუმცა მთაწმინდა გიხდება
და შენც უხდები მთაწმინდას!
_ რატომ, _
მე ბარსაც ვჭირდები,
ვწამლობ წმინდა მთას, დაშლილსა,
შენ ნურც ის გაგიკვირდება, _
ხვალ გაგასახლონ მთაშია!

ტევრი ხრიოკზე

აქ ამდენი ხე ვინ დარგო?
თუ დარგეს _
როგორ იხარა?
ეწერი მწვანედ იქარგვის, _
ტევრი ზღვად გამოიღვარა.
ხრიოკს ზურმუხტი ედება,
ეცვალა ფერი ნაცრისა;
ქვა უქცევია ედემად, _
ვაშა, მარჯვენას კაცისას!

ბარტყი ჩიტი და ჩითილი

წია…
წია…
წია… _
დაწიწინებს
ჩიტი.
მშია…
მშია…
მშია… _
თავს ახსენებს
ბარტყი.
დღეა…
მზეა…
ვდგავარ…
უხარია ჩითილს, _
მეც ხომ
იას
ვგავარ: _
ვკრავ
მთაწმინდის
სარტყელს!..

ყაყაჩოები

იწვის მთაწმინდის კალთები
ყაყაჩოების ცეცხლითა.
წყლით ჩავაქრო თუ გავთიბო
ფხამოპირული ცელითა?
არც ერთი არ ხამს.
კარგებმა
იამონ სიოს ჩქამითა,
მალე ზაფხული დადგება. _
თვით ჩაქრებიან ჟამითა.

წვრილი წავარნა

ძლივს გავაღწიე ცახცახით _
ისევ წვრილია წავარნა,
ქვა, მოხეთქილი, ჭანჭახში
ჭექა-ქუხილით ჩავარდნა.
გული სიამით ფართქალებს
(ხევსურს ბილიკი მამშივდა!) ♥
ვერ ვარჩევ, _
გითხრათ მართალი, _
არხოტში ვარ
თუ ბარში ვარ!..

***

ეს ლექსი გაბრიელმა პოეტს და მეგობარს-გიორგი გიგაურს მიუძღვნა

არ მოგასვენებ,შორეულ ძახილს
მოჰყე და გულის კართან დაგხვდები.
შენი სამრეკლო და შენი სახლი,
გადახდილი და გადასახდელი.
ომი აქ გელის ჯვრითა და ჯვარცმით,
“მე”რას ქილიკობს-ეს ცოტას ნიშნავს,
ზოგჯერ თუ თავთან თვალთმაქცობს კაცი,
თავისი უნდა იკივლოს ჯიშმა.
ჩემს ცას შეარჩენს არსთა გამრიგე,
მას,რასაც მწუხრზე ბინდი გადაშლის,
გზას თავისაკენ თუკი გაიგნებ
ნიღბებისა და ტაშის ტორტმანში.
ნუ ხამობ ჩემი თვალების გარეთ
წვეთ-წვეთად ნადენ სიცოცხლის ამბავს,
მარჯვნივ-ეკლიან გვირგვინებს წნავენ,
მარცხნივ-განცხრომას გვაუწყებს აბრა.
არ დაგანებებ ფერთა ცდუნებას,
ჩემი აღმართი შენს გზად ჩათვალე,
შენს გზად ჩათვალე,თუ ერთგულება
ხორასნულ ხანჯლის პირზე გატარებს.
ჩვენსას გავატანთ მუხლზე დაცემას,
გულისფიცარზე დადებულ ნიშანს,
ზოგჯერ თუ ყალბი ბგერა დაგვცდება,
თავისი უნდა მოგვიზღოს ჯიშმა.
ცას ცისა,მიწას მიწისა ერქვას,
ქარისა ისევ წაიღოს ქარმა,
კვალში ჩაუდექ ჩემს წადილს ძელქვად,
სიცოცხლე რომ არ შეგერგოს არმად,
რომ უპატრონო სასჯელს და ჯილდოს,
ღამის ცრემლით და დღეთა ზვირთებით,
მაინც შენი ვარ,შენ უნდა მზიდო,
მწარე სიმართლედ თუ დაგდინდები!

***

“ზაფხულის ერთ მზიან დღეს წინადღით დაკარგულ ხარებს დავეძებდი არხოტის მთებში. უეცრად შენ მომაგონდი ძვირფასო.. და ეს სტრიქონები ბროლით სიპზე მივაწერე იქვე. ახლა სადა ხარ, ძვირფასო, ჩემთვის სამუდამოდ დაკარგულო..
ჰო, მართალია: ხარები კი ვიპოვნე!..”/გ.ჯ/

ამ მთათა შორის,ამ კლდეთა ახლოს
დღეს მომაგონდი რაღაცნაირად:
ჭაბუკს პირველად მიყვარდი(გახსოვს?)
და ყმაწვილური გიძღვენ შაირი.

ო, ის შაირი..
იმგვარი განცდით,
ისე გულმართლად და მიწიერად
(რომ სიჭაბუკის დღეებსაც გავცდი!)
მე სხვა დროს ლექსი არ მიწერია..

გიძღვენ შაირი და მოწიწებით
წერილს საშენოდ ვუთხარ მშვიდობა
ზედ ჩემი გული შემოვაწებე,
მე ოდენ ურვა დამრჩა,ვით ობოლს..

ველოდი პასუხს..
ასე ლოდინი
მხოლოდ ბალღს ძალუძს, ალალს, გულმართალს,
თან თრთოდა გული, როგორც ცოდვილი
და რკენა ჰქონდა მზარავ გუმანთან..

მერე მე მითხრეს: იმ ლექსზე თურმე,
ლექსზე-ეს გული რომ ახლდა მყოლად,
ბევრი იცინე,
ბევრი იხუმრე
და სამასხაროდ აიღე ყოვლად..

მითხრეს..
დავეცი დასეტყვილივით
და ჩემს წმინდა ცრემლს მიწა ირევდა..
მხოლოდ ბალღს ძალუძს ასე ტირილი
(ახ,რარიგ ვნანობ,რა მატირებდა!)

ო, დიდხანს მიწა ცრემლით ვასველე..
ეს წინათ იყო( თარიღი მიჭირს!)
შენ ნებიერი იყავ ასული,
მე- მიამიტი ხევსურის ბიჭი.

შემდეგ დავშორდით,
შმაგ სევდას გავცდი
(იხდიდნენ წელნი წელთა წინ ჩალმებს)
შენ შეუმჩნევლად დადედაკაცდი,
მეც ჭაბუკობას გამოვესალმე.

ეჰ, ის ვნებებიც ჟამმა დაფარა,
კვლავ მარტო დავალ,კვლავ ყარიბი ვარ,
ვიტყვი გულწრფელად: მე იმდაგვარად
ალბათ სისკარიც არ მყვარებია.

და ახლა ,როცა ერთურთს ვაწებებ
იმ მოგონებებს თრთოლვით ფარულით,
მე გაურკვევი გრძნობა მაწვება,
ეს სევდა არის, თუ სინანული?!

მხოლოდ, ამ გულში დაცინვა (გახსოვს?)
შენი დაცინვა დაღად დაიარს..
ამ მთათა შორის, ამ კლდეთა ახლოს
დღეს მომაგონდი რაღაცნაირად.

***

გაიღვიძე, გესმის, დროზე გაიღვიძე,

შენთან მოვდივარ და,
ხომ უნდა დამხვდე ფხიზელი,
რამდენი გეძებე,
რამდენი გეძახე,
რამდენი ვიღვაწე,
ხმა არ გამეც და
უშენობა მეტად ვერ შევიძელი,
რამდენი სათქმელი დაგროვდა,
რომ იცოდე,
მგონი ათ წელსაც ვერ მოვათავო
ლაყაფი:
გაიღვიძე, კუბო მორთე,
შენს გვერდით მომიწოდე,
ადგილი მანდ ორთავეს გვეყოფა,
ხომ იცი, ხალხს და სოფელს
განვერიდე,
მტორავენ ტრფობისა და კენტობის
ვაებანი,
გაიღვიძე, გესმის, დროზე გაიღვიძე.
ნუთუ არ მოგენატრა ჩემთან
პაემანი?

***

დავიწყევლე და დავიწვი, _
მოგვს მერგო ორგზის შერისხვა,
ლექსის ხემსი და ხავიწი _
მთა დავთმე ორბის ფერისა…
კვლავ არხოტს წავალ? _
რავიცი, _
ღირსღა ღონღილი ბერისა?
ქალაქის ცოფი ავიცერ: _
ბანგი
და ბარგი
ბარისა,
ასე მგონია: _ ლაფშია,
ურემიც ჩამრჩა, ხარიცა,
ჩემთვის არც ცხენი ლაფშაა,
აღარც კაშკაში ხმალისა,
აღარ ვარ… ,, ბლოელ აფშინა
მინდოდაურის გვარისა’’…

***

მშვიდობით, მთებო, ავახმე,
თქვენი დათმობაც მებედა,
თქვენთან ყოფნის ხე გავახმე,
გიმტყუნეთ ქართლის მეფეთა…
თბილისმა თავად დამთოფა,
ხელს შემატეხა ფალია,
მშვიდობით…
თქვენი დათმობა
სულ იმ ქალაქის ბრალია.

მხარში დგომა

სვე რომ გიშენს წათს
და კუბოსკენ გხრის,
მოგეხვიო, მწადს, _
გექნე მჭერად მხრის.

ერთად ვიყვნეთ, დე,
აბა, რაღას ვიქმთ. _
აქაც ერთად _ დღე
და უკუნიც _ იქ…

ეს საწუთრო წვად
მაინც შენკენ მხრის;
მოგეჩვიო, მწადს, _
გექნე მჭერად მხრის.

***

არხოტის თავზე ბობოქარს
ქარს ნისლი შემოეყარა,
ქარმა თქარუნი მოთოკა,
სიჩუმის ჯარი შეყარა.
ნისლო, ქარს ჰკითხე ქონდარას
რად აყირავებს ქვეყანას,
მოსხლული მაგის კონდახით
არხოტს ცხრა მუხა ეყარა.

მრევლი

რატომ მოელტვით პოეტის ბინას, _
არც სირაჯი ვარ, არცთუ სარაჯი.
შენ საფლავს ედექ, _ მზექალს რომ სძინავს, _
შენ კი არხოტის ცას უდარაჯე.
თქვენ ყველას თქვენი გაქვთ საყეფარი, _
მგოსნის განზრახვამ რაც დაგიწესათ:
შენ _ საჯიხვეში შალე ფაფარი,
შენ _ დარიალში ხვასტაგი მწყემსე.
შენ _ მიწყივ გწვავდეს ოცნება ჭრელი,
შენ _ კი იცვამდე მეომრის პერანგს.
ყველას გაქვთ თქვენი ფუძე და ჭერი,
და მიჰპატრონდით იმ ჭერს და კერას.
გავბეზრდი თქვენი ზათქით და ყეფით,
ვერ გავწვდი თქვენი მოთხოვნის მტკაველს…
თან მყავდეს _ ათი ლექსიც მეყოფა,
სადაც მე ვხატავ უმეტეს ტკივილს…
გამაპარტახეთ, გამწურეთ, მომსპეთ…
გადით, მიეგეთ საქმეს და ადგილს.
ბარელი ედგეს შუკას და პროსპექტს,
მთიელი თავთეთრ მთის თხემზე დადგეს.
წადით, იყეფეთ, იშვეთ, იდავეთ,
გინდაც იტირეთ, იჩხუბეთ კიდეც,
მიუშვით მერანს თეთრი სადავე

და გადატორეთ ზღუდე და კიდე,
აქ რას მესევით ურვის მეზობელს, _
ზოგჯერ რომ ჩემსავ გაჩენას ვწყევლი.
მე ვალირ მედვა: ერთხელ მეშობეთ.
გშობეთ, _ და თავად იშოვეთ მრევლი.

მოუსავლობა

დღეს იმ წლებისა მე დამრჩა მარტო
მცირე ცეცხლი და ლაღი სიმღერა.
არავის ვუხმობ, არავის ვნატრობ
და გულში ტალღა აღარ მიღელავს.
იმ ტიალ ტრფობის სანაცვლოდ დამრჩა
ცხარე ცრემლი და ასიოდ ლექსი.
მოსხეპილ დღეთა დანაცრდა ნამჯა
და მომცრო ხვავსაც იფქლი არ ეთქმის.
იფქლი კი არა მარტოდენ ბრეა,
აქამდე ნაქმნი და ნაჯაფარი.
რიყის ქვებივით სიტყვები ყრია
და გაფანტულა ტრფობის ზღაპარი.

ნისლის წინდები

ნისლი ფთილებად ჰფენია კლდეთა,
ზოგიც რიყეზე დაყრილა თერგთან.
წამო, წავიდეთ, ავკრიფოთ ერთად
და დასრთავად მივართვათ თელხსა.

წინდებს მოგვიქსოვს ნართისგან თელხი,
ნახელავს ნამის მძივებით მორთავს,
ჩვენ ჩავიცვათ და წავიდეთ მთებში
და იალაღზე ვიშუშპროთ ორთა.

შოთა და სოსლანი

გეძნელა, განა, გვირგივოსან სოსლანის ქება,
ოდეს თამარი აგრერიგად გიყვარდა მგოსანს?
ძნელია, მართლაც, რაყიფისთვის ლაყაფის ყეფა…
გეძნელა, განა, გვირგივოსან სოსლანის ქება,
ალბათ გულს სისხლად გესხმებოდა სტრიქონთა წყება,
როცა შესავალს ულექსავდი ,,ვეფხისტყაოსანს’’…
გეძნელა, განა, გვირგივოსან სოსლანის ქება,
ოდეს თამარი აგრერიგად გიყვარდა მგოსანს?

ჩობნები

ღამემ ნისლი ჩაიბარა,
როგორც ბინდის ბეგარა;
ცხვრის ფარებით ჩაიფარა
დარიალის კლდეკარი.

ცხვარი _ ზამთრის ნობათია.
ქარი _ თერგის მობანე:
იალბუზიც ჩობანია,
მყინვარწვერიც ჩობანი.

ხრამი _ ჭრილობა

ჯანღია თუ რძის ნაღები, _
ვერა გამიგია რა;
დაწეულან ცას თაღები,
ჟონავს ხრამის იარა.

წყლული განა შეუხვიეს
მოთქარუნე ქარებმა,
შავ არაგვზე შეუხვიეს
ნისლთა დასტაქარებმა.

თერგი _ შამილი

ცაზე ზის ღრუბელი _ მიურიდი,
ველზე დგას მუხა _ ყაზახი.
ვისაც გეშინიათ, _ ბრძოლას მოერიდეთ,
შინ წადით ვისაც ბრძოლა არ ძალგიძთ.

დარიალში ნისლი შეიმალა,
ან იქნებ ეს მეფის ჯარია?
უცებ გამოხტა თერგი _ შამილი:
,, _აბა, ახლა მეხთატეხის ჯერია!’’

***

გადაიარეს წეროთა,
ზეცა აიკლეს ყაშყაშით,
სიმწრის წრეები წერეს და
ეარმათ შუქის კაშკაში.
რადაო? _
შიშმა არწია
მათი ფრთენი და გულიცა: _
გეზე შეეკრათ არწივებს
და ძალამ კალო გალეწა.

ხმა და ექო 

სადღაცა მამალს დილა ეზმანა,
დაიძახა და ფრთა ფრთას შემოჰკრა:
ექოს ეწადა: _
ჩუმად ესმინა
ეს ხმა
და მისი ტანზე შემოკვრა
გაივლო გულში, _
ხელი მოხვია,
როგორც ნიავმა ნისლების ნახევს,
მაგრამ, _
ვით მკვლელებს კობა _ მოხევე, _
დაუსხლტა ხმა
და მოედო მთა-ხევს…
მეტი სირბილით დაოესული
და ხმა ხელახლა მობრუნდა სოფლად
ღრმა ორწოხებში გაასებული.

თბილისის დილა

ჩამომიჯდება დილა კალთაში,
ვით ჩვილი ბავშვი უტკბილეს დედას,
ხედვას გამიხსნის სხივთა კაშკაში, _
მიწას ვხედავ და ზეცასაც ვხედავ…
მზერის სიმაღლე ენას ამიდგამს,
რომ გრძნობას ჰანგი მივუსადაგო,
ხოლო თბილისი თიმსარს ჩამითქვამს
და უმალ დამსვავს ლექსის ქადაგად.
ვბორგავ, ვბუბუნებ, როგორც მინდია,
მზეს ერთვის ჰიმნთა ამანათები
და მეც პროსპექტზე მზისებრ მივდივარ, _
სიტყვით სამყაროს გამნათებელი.

კუბოში

ე, რა წყვდიადში წოლილხარ! _
პირზე კი გადევს ყადაღა…
გული მეგმირვის ძრწოლითა, _
ხმა გამეც, ქალო, სადა ხარ?

დაიცა, გავკრა ასანთსა, _
აქ არც კერა და ცეცხლია…
წამოდექ, ქალო, რასა ჰგავს, _
ეგ სამაჯურიც შეგხსნია…

მშვიდობით… მშვიდობით… მშვიდობით…

მშვიდობით!
ახლა კი: _
სამუდამოდ,
სამუდამოდ
ვშორდებით…
მშვიდობით!
მშვიდობით!
მშვიდობით…
ეს ღილღოს ზეცა და ეს ღილღოს მიდამო
მოწმეა: _
ჩვენ ერთად არც დღემდე ვიდოდით…

და მაინც: _
აქამდე ხომ შენთან ზიარი
ზეცა თავს მეხურა.
მთები გარს მეზღუდა,
თუმც ჩემთვის არ ენთო ეგ მზერა მზიანი, _
შორიდან შენი ხმა ხომ მაიც მესმოდა…
წაირღვნა იღბალი, ვით ზღვაზე სამუმი, _
მოლიზღეთ ზიზღი და დღის უამინდობით…
ახლა კი: _
სამუდამოდ,
სამუდამოდ,
მშვიდობით!
მშვიდობით!
მშვიდობით!
მშვიდობით…

დავსხედით, დავსამხრდეთ

მე ეს ოთხი დღე მთებში ვეხეტე,
გულს მიხურავდა მაგ ხვედრზე დარდი,
წყაროთა თვალში თალხად ვეხატე…
ახლა კი ხრამთან ვუყელე ნადირს.
ეხიც მოვხელე.
ტყავი გავხადე
ჯიხვს
და ავასხი ბერხენის მწვადი.
დაეხსენ ხაროს, _
ეხში დავსამხრდეთ,
ერთხანს დავსხდეთ და…
კვლავ უკუნ წადი.

* * *

უცებ გაცივდა სიცოცხლის ცხენი…
ჩამოხდა ის
და ჩაემხო ხრამთან…
გულს იხოკავდნენ ხვატისგან ხენი
და მხრებს უხრიდნენ სხივების ხანძარს.
… სამყაროს სჭვრეტდა ვერრას მხედავი: _
მოყმეს მიღმური გაეხსნა ხედვა,
მერე:
არც ცხენი…
აღარც მხედარი…
მხოლოდ ხრამი
და შრიალი ხეთა.

რა საჭიროა

რაც სულეთს წახველ,
მას მერე უფრო
ხშირ-ხშირად მაწევ… _
მოვალ!..
მაიცა…
ხომ სულერთია: _რაგინდ ვუფარო
ფარი არყოფნას, _ მომსრავს მაინცა…
ხომ ვერ მიშველის ლოცვა თუ ღმერთი
და ვერც სამზეო დამიქრობს სახმელს.
მე შენი სახით, _ მანდ ვდგავარ ერთი
ფეხით, _
აქ სუფევ შენ ჩემი სახით.
გადმოვდგამ ამ ერთ წყეულ ნაბიჯსაც, _
ვთელოთ სულეთიც ერთად, სწორებმა;
შენს გარე რა მზე დამთბეს მახინჯსა,
რა საჭიროა ეს გაორება?

უთვისტომობა

აღარც ბიძა მყავს,
აღარც ძმა,
არც მამა,
არცა მშობელი,
მზექალიც სენმა დახარჯა, _
უმიჯნა მზე და სოფელი.
ღილღოს მიწაში ხუთივე
წევს ნათელგაუკარები,
ღამეს ოლოლნი უთევენ
და ლექსთა ჩემთა პწკარები…
მე კი დარიალს შემოვდექ, _
უთვისტომო და მარტვილი
და ჩემი ყოფნის შემოდეგს
ლარსის კლდეებთან დავტირი.

***

დუნიაც რომ დამიურვოთ, _
ზღვა და ხმელთა ალაგი,
არაფერი არ ვისურვო _
უფლება თუ ალაფი.

მაგრამ ჩემი მამულ-მიის
რომ მიმიღოთ მისხალი, _
უმალ მახვილს ამოვიწვდი,
ზედ შეგანთხევთ ტვინს და სისხლს.

***

აქამდე შენსკენ ვიდოდი,
დღეს ვაჩქარებდი: _ გათავდი!
მაგ შენი ეშხის ხვითოთი
ხვალეს სამოთხედ ვხატავდი…

ახლა კი თერგის რიყე ვარ,
დღედადღე უფრო გშორდები,
თუ რამე ვალი მიმყვება,
იმქვეყნად გაგისწორდები.

***

დედი, ვიხრჩობი
შემწე შენს მეტი
ქვეყნად ძე-კაცი არ მეგულება.
უსრულო გეზის მგზავრი შესდექი,
მოდი სამზეოს და მიგალობე.
გესმის, გადმიწყდა ყოვლი ილეჯი,
გულს დედის ჰანგი მზისებრ სჭირდება.
მოგაკითხავდი მანდ, სიკვდილეთში,
მაგრამ უმზეოდ გამიჭირდება.
ყელს მემარყუჟა ბედის შამათი,
სვლა მეძნელება,
გზა მეგველება…
ვიხრჩობი…
შემზე, დედი, შენს მეტი
ამქვეყნად კაცი არ მეგულება.

***

თბილისის ზღვასთან დაიჭრა
ეჭვით
და ზვირთთა შრიალი
სთნევს…
ფიქრით მთაში გაიჭრა
და ახლა არხოტში არი…
ბარი ვერ მოიბარისა, _
მთების თილისმამ დათოფა,
სწვავს ხმობა ვაჟას ხარისა
და არხოტული ხატობა.

მშვიდობითმშვიდობით, მივალ, დე, არხვატს დარჩეს,
ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი,
მწამს თავს გაიტანს და გაიმარჯვებს
ფხა ვაჟკაცური, მიზანი სწორი.დაიქცნენ ძველი ადათის ბჭენი,
ბინდი არ ბოჭავს გულს მარწუხივით;
გამყვება ქალაქს სურვილი შენი
და დედაჩემის ჩემზე წუხილი!..შევხვდები ბარში ვაჟკაცებს ნარჩევს,
მოვალ და ნათელს მოვიტან შორით.
მშვიდობით, ქალავ! – დე, არხვატს დარჩეს
ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი!
ბარული და არხვატულიქართლს მუდამ უქართლებია
ერთობით მთა და მინდორთა.
აქ მაინც ჯუჯა მთებია, _
მე არხვატული მინდოდა.ლიხს ლიხი ვინ გამორია.
ვარდიც ბადახშის ფერშია.
აქ თუმცა წმინდა მოლია, _
მე არხვატული მერჩივნა.ნისლს ქარი აქაც მიროზგავს,
მზეც ცაზე ღრუბლებს მიჯგუფავს.
თბილისის წვიმა მირონს გავს,
თბილისის ზეცა ფირუზს გავს, _
მე არხვატული მიჯობდა.
***
უცებ გაცივდა სიცოცხლის ცხენი
ჩამოხდა ის
და ჩაემხო ხრამთან…
გულს იხოკავდნენ ხვატისგან ხენი
და მხრებს უხრიდნენ სხივების ხანძარს.
… სამყაროს სჭვრეტდა ვერრას მხედავი: _
მოყმეს მიღმური გაეხსნა ხედვა,
მერე:
არც ცხენი…
აღარც მხედარი…
მხოლოდ ხრამი
და შრიალი ხეთა.
ჭორიდაგკარგე.
გეძებ.
გიხმობ.
გიყივი.
ყელში ამოდის გული ნაკლული.
შენ ჩემთვის უღვთოდ მკაცრი იყავი
და მაინც გეძებ თავგადაკლული.
შენს ხატს რისხვის ხმა როგორ დამარხავს,
გული შენს ტრფობას ვით შეელევა?
მეუბებიან, ვითომ, აღარ ხრ, –
ჰაუ, რამხელა სისულელეა!..
***
ბინდი ქუფრობს და მკვეთრდების
გრიგალი აღარ ცხრებისა,
ჟღრიალებს ჯაჭვი ბეთლემის
კლდის ფერცხალს ენაცხრებისაა
შეირყა სალი,პიტალო
ხევს ხუთავს ზავთი მთებისა,
კიდე დაჰქროლე გრიგალო
ბეთლემს არ შასცივდებისა.
* * *
ბინდდება.
შორს ვარ მე ახლა,
შენს აულს დავცქერ ჭოგრითა.
ოჰო,-სტუმარი გეახლათ,-
ნეტავ რა ჩიტი მოფრინდა?..
ცხენდაცხენ იცდის კარშია,
გამოეგებე ცქრიალით.
ვინ არის?
იქნებ ვაჟია!..
ვეღარ ჭრის ჭოგრი ტიალი…
რა უჭირს:-
თქვენთან გაითევს,
მოულხენთ, როგორც მეგობარს,
სანთლად მაგ მზერას აინთებს,
ვახშმად ეგ ღიმიც ეყოფა…
ბინდდება…
ცხვარი დავანდა…
მოსთქვამს ჩანჩქერის ჩქრიალი…
თითქოს ბალახზე დავარდა,-
ფართხალებს გული ტიალი…
* * *წამოდი ცაში,
მაგ სნეულ სხეულს,
მე ვუდასტაქარებ შუქის ლექსებით;
მზეს მაცოცხლებელს გამოვთხოვ სხივებს,
მაინც გამოვთხოვ,
არ მოვეშვები!
და თუ მნათობი მაინც გაკუშტდა,
არ გაიმეტა შენთვის წამალი,
გულს ამოვიგლეჯ, მზექალ-საკუთარს,
და შენ ჩაგიდგამ!
დაე,
ალალი იყოს ის შენთვის!
თუ ბედნიერი იქნები მგოსნის
ქალღმერთი ჯიქი!
ჩემთვის კი , აბა რა ბედენაა,
თუ რომელ მკერდქვეშ იბორგებს იგი!
* * *
აი, ეს შენა და ეს მე,
ჩემი გუმანის ბარგითა:
-გაბრიელ ქალაქს დაეხსენ,
ვერ შაეწყობი არ გინდა!
ფიქრობ: ბარს თავზე დაესხე,
ჩონგურ ჩასცვალო ჩანგითა?
ვთქვათ,პროსპექტს მკერდზე დაემსხვრე
ნაბანგი მთათა ბანგითა!
გიჯობს: ეს ხევ-ღრე და ეს კლდე
მოგალ-მოგალე არგნითა,
გინდ წრიაპ დასხლტეს,
დაასკდე სალს,
როგორც ჯიხვი, თავ-რქითა,
მაინც თეთრი მთა! – დაასკვენ,..
შულშაბურვილი თალხითა!..

გაბრიელ ჯაბუშანურის პოემა

მზექალო.

მწუხარე ბალადას გიმღერი,

მწუხარედ გიმღერი

(ვახმე!):

ამ (აწ შენს) აულში სახლობდა ღილღველი,

სახელად უხმობდნენ ახმედს.

არ ჰყავდა თვისტომი

ძმაცა და მამაცა

თერგს გაღმა იმსხვერპლეს ურუსთ,

რვა რუსი მიაგო ახმედმა მამაცმა

მაგივრად სიკვდილის ბურუსს.

და მაინც არ დაცხრა აბრეკი უძღები:

დახარბდა მტრის სისხლს და გუამთ.

ამბობდა:

„-სამარეს ურუსნი უსხები

მიეგენ, ეს ალახს უამს!“

(*უსხი- „ზროხა საკლავი მსუქანი“(საბა)

და იყო თარეში ყუბანის ველებზე

მტრის ხოცვა, ტაცება ცხენთა.

მისმინე, მზექალო,

მე-შენი მელექსე

გიგალობ,

თანა ვღვრი ცრემლთა…

2

მზექალო,

მწუხარე ბალადას გიმღერი,

გლოვისებრ გავლებულ გულთან

ამ (აწ ჩემს) აულში იზარდა ღილღველი,

სახელად უხმობდნენ სულთანს.

ბალღივე დაობლდა

დედ-მამა,

და-ძმანი

უდროოდ იმსხვერპლა ჟამმა,

ობლისთვის საწუთრო ცრემლია და ძმარი,

მწარეა სხვათ ლუკმის ჭამა…

ვიშით და ვაებით იზარდა სულთანი,

ნორჩ გულში ვარამის ლესვით,

კაცის ძეთ სიძულვილს ზიდავდა სულ თანა,

გულშივე ბორგავდა გესლი.

და გრძნობა ამგვარი სად პოვებს გზას მეტსა

მკვლელობის, თარეშის იქით:

სულთანიც უმალვე ედოსტა*

ახმედსა და ორი აბრეკი ჯიქი-

ხოცავდნენ გიაურთ ყუბანის ველებზე,

იხვეჭდნენ ცხვართა და ცხენთა.

მისმინე მზექალო,

მე-შენი მელექსე

გიმღერ და

ვღვრი ცრემლითა

ცხელთა…

(*დოსტი- ამქარი, ამხანაგი, თანამესუფრე)

3

მზექალო,

ვაების ცრემლებში გაწურვილ

ბალადას გიგალობ კვნესით:

ამ (აწ შენს) აულში მზეობდა ქალწული,-

სახელად უხმობდნენ ზეზიკს.

დედა მის ამქვეყნად მოყვანას გადაყვა,-

მიეგო შავეთის კიბეს

და მურთაზს მამამისს

არც ქალი,

არცა ყმა

არ ჰყადა

მის გარდა კიდევ.

ობოლ ბავშვს ახმედის მშობელი ეძიძა

(მურთაზს არ შეურთავს ცოლი)

იზარდა ზეზიკი,-

წლის მეჩვიდმეტისა

შეიქმნა მზისაცა ტოლი.

მზექალო,

ვაების ცრემლებში გაწურვილ

ბალადას გიგალობ კვნესით:

ამ (აწ შენს) აულში მზეობდა ქალწული,

სახელად უხმობდნენ ზეზიკს.

4.

ვარდსა ჰგავს ასული

კვირტია დღეს იგი,-

ალისფრად იშლება ხვალე,

ახმედის თვალის წინ დაქალდა ზეზიკი,

მაგრამ ვაჟს უხმობდა ხმალი.

ზეზიკი ახმედის თვალის წინ დაქალდა,

ვაჟმა ვერ შენიშნა იგი:

ვაჟს სისხლი ეძახდა,-

მკლავები და კალთა

სისხლმავე მოხვია ჯიგიტს.

და სისხლის ძახილით მას მზერა დაეხშო,-

ვაჟს ოდენ მტრის მოკვლა სურდა:

(„ვინ ქალი,

რა ტრფობა,

რა ოხვრა,

რა ეშხი,

გიაურთ ვერკინოთ სულთან!

გავსრისოთ ურუსნი მთასა და ბარადა,

დღეს და მზეს გვიჩრდილებს ჩრდილო!..“)

მზექალო,

გიმღერი მწუხარე ბალადას,

მწუხარედ გიმღერი, ტკბილო.

5.

ვარდსა ჭგავს ასული

კვირტია დღეს იგი,-

ალისფრად იშლება ხვალე:

დაქალდა,

დამშვენდა,

დამზევდა ზეზიკი,

გულის ტოლს ეძებდა თვალი.

მზექალო,

შუნჯიხვს რა მოსწყურდეს ხარლაღი,

გულში გრძნობს კენტობის ზამთარს:

და თუ ხარს იხილავს იგი იალაღზე,

რატომღა დალახავს ცხრა მთას?!

შუნჯიხვი ხარლაღ ტოლს მზე მზერით მოხაზავს,

გული წყვილს დაუწყებს ძახილს.

ასევე ასულმა,-

სურვილთა ბოღაზად*

აქცია ახმედის სახე.

(*ბოღაზი- ნავთსაყუდელი)

როდესაც ახმედი შინ იყო,

ზეზიკი

დედობილს (ახმედის დედას)

თან ახლდა

და მართლაც

მოგავდა მზეს იგი,

რა მიჯნურს მალულად ჰმზერდა.

და გულიც

ასულის

მოჭგავდა ფოთოლსა,-

ქარი რომ ათრთოლებს მთაში,

გულში ხან მზე იდგა,

ხან უღვთოთ მოთოვდა,

მაგრამ ქალს ვერ გრძნობდა ვაჟი…

ო, სისხლის ძახილით მას მზერა დაეხშო,

ვაჟს ოდენ მტრის მოკვლა სურდა

(„რა ქალი,

რა ტრფობა,

რა ოხვრა

და ეშხი,

გიაურთ ვერკინოთ, სულთან!

დე, მტერთა გვამები გაგვეგონ ქვე-კალოდ,

ამაზრზენ ჰავაზატს** ვრჩეობ!..“)

მწუხარე ბალადას გიმღერი,

მზექალო,

მწუხარედ გიმღერი, ჩემო.

(**ჰაზავატი-(არაბ. ღაზავათ) ისტ. „საღვთო ომი“ არამუსულმანთა წინააღმდეგ ისლამის გასავრცელებლად)

6.

მზისფერო მზექალო,

გიგალობ ჰანგს ცრემლით,

ისმინე ამ გულის ფეთქვა…

მკაცრ იყო ზეზიკის ძიძა და გამზრდელი-

დედაი ახმედის ფეტიმატ.

როდესაც გიაურთ ძეი და მეუღლე

მოუკლეს,-

არ გატყდა, არა,

ის უხმოდ დაემხო მუხლზე და მეუფეს

ახედა, შესძახა:

„-ალახ!

შენ ხედავ:

ორი მზე ჩამიქრეს ავ რუსთა,-

ერთი მზე,

ერთი ძე

ახმედ

მრჩება და თუ იგი ათწილად არ უძღავს

მაგიერთ გიაურთ,

ვახმე!..

გაფიცებ, ალახო, შენს მზეს და დიად წიგნს,

შენს სახელს გაფიცებ დიადს,-

მიიღე ძე ესეც!..

დედა და დიაცი

გენუკვი!..

მისმინე დიაცს!..“

და ურუსთ ახმედიც ყუბანის ველებზე

ხოცავდა,

სტაცებდა ცხენთა…

მისმინებ მზექალო,

მე-შენი მელექსე

გიმღერ და

ვღვრი ცრემლთა ცცხელთა…

7.

მკაცრ იყო ფეტიმატ-დედაი ახმედის,-

ზეზიკის გამზრდელი ფეტიმატ

და ძეიც მის სიტყვას აროდეს ლახევდის

მსწრაფლ იქმდა, რაც გინდა ეთქვა.

დედამ თქვა:

„-ჩემს სახლში აბრეკთა ალაფი

(ისმინეთ, ახმედ და სულთან!)

თიკანიც არა მსურს, მოწმეა ალახი,

არამი არც ჩემს ქმარს სურდა!“

მართლაც

და ნაძარცვს რა

სულთან და ახმედი

მორეკდნენ

არვეს თუ რემას,

მაცნენი აულებს აჰყრიდნენ მძაფრ ხმებით

და იყო დაფდაფის ცემა:

„..მოგროვდით, ღილღველნო,

არმაღანს* აგრე კარგს

გვპირდება ჯიგიტთა გარჯა

ურუსთა ხარ-ცხენი მორეკეს აბრეკთა,

ერთ კვირად გვეყოფა ხარჯად!“

*არმაღანი- ფეშქაში, ძვირფასი საჩუქარი, „შორით მოსულისაგან მიღებული მის თემის ძღვენი“(საბა)

ხრიალი ხარების…

და სისხლი ნასხლეტი…

ციალი ხმალთა და ცულთა…

„-დაკალით!

მოხარშეთ!!!“-

ამბობდა ახმედი,

„-შეგერგოთ!“-

ამბობდა სულთან.

და იყო ზეიმი:

პურობა,

შუშპარი*,

აბრეკთა შექება ჰანგით…

(*შუშპარი- ცეკვა, როკვა)

ხარობდა,

მზეობდა

ზეზიკი-მუშთარი,

ზეზიკი-პირსავსე მანგი

ცხარობდა ახმედის

არ ხედვის

სახმილი

(გიშორებ, სიშორის ხარკო!)

მწუხარე ბალადას,

მე შენ წინ დახრილი,

გიგალობ, მზექალო,

კარგო!..

განა თუ დიდია ეგ შენი აული,

მზექალო-მზისაცა დარო:

ქავ-ციხეთ მხარმარცხნივ გორი რამ ჩაუვლის,

გორის ძირს გამოდის წყარო.

წყაროსთან ლერწამი ქალწული რამა ზის,-

ქალია თუ სული მთისა?!!

რაზეა მოზარე ზეზიკი ლამაზი,

ზეზიკი-ზიარი მზისა?!!

მწუხარე ბალადას.

მზექალო-მთოვარე,

გიხმობ და გიმღერი კვნესით,

მივხედოთ,

მზისფერო,

მოწყენით მჯდომარე,

წყაროსთან მოზარე ზეზიკს…

ცხრა დღეა

ახმედი თერგს გაღმა თარეშად

გაიჭრა სულთანთან ერთად

და გული ასულის მოუცავს კაეშანს,

გულის სწორს ახვეწებს ღმერთსა:

„-ალახო,

ალახო,

ხედვიდე ახმედსა,

უმარჯვე,

უმართლე

ხელი!

არა გთხოვ,

ალახო,

ხარჯსა და სახვეჭსა,-

უმიჯნე მტრის ტყვია ცხელი!

უმალ მან

უწყალო ურუსი

უგვანი

იმსხვერპლოს,

იძიოს შური!..“

წყაროს წყლით ადრევე აივსო კუმგანი,

მაგრამ წყალს ვინ უგდოს ყური!

ზის კენტი

ასული,

ფიქრებში

წასული,

თუნგიდან გადმოსჩქეფს წყარო…

ბალადით ვადუმებ

შენდამი მძლავრ სურვილს,

მზექალო- მზისაცა დარო…

მზექალო,

ვამსგავსე სურვილი ისარსა,-

უცბად რომ გეცემა გულსა:

უმზერ და იარა თანდათან იზარდა,

არა რა არა რგებს წყლულსა…

წყაროსკენ გამოწვდილ გზაწვრილზე მხედარი

გამოჩნდა.

მეორეც მოჰყვა.

ზეზიკი-მზისფერი,

ვერარას მხედავი,

ურვით ზის,

ვერ ამჩნევს მოყვასთ.

როდესაც მნათობი იბურვის ღრუბლითა,

მაინც ჩანს ბურუსში ბადრო:

მზე მაინც მზე არი,- ნაკურთხი უფლისა,

მე მნათობს ქება ვით ვკადრო!

ნაზ იყო, ასევე, ზეზიკი ციერი,

მურთაზის მზისფერი ქალი,

შუქისებრ შვენოდა კაეშნის იერი,

ბრმა მზერა და ღაწვი მქრქალი.

დარდებში

წასული

ჯდა თეთრი

ასული,

თალხი რამ ეხატა ხატად…

და ორი მხედარიც

ედარა

უსულოს,

ან იქნებ

გადიქცნენ

ქვადა?!!

უცილოდ ქვად იქცნენ აბრეკნი მტრიანნი,

ტრფიალი დაატყდათ ჯიგიტთ…

უმზირე, მზექალო,

როგორ კლავს ტრფიალი,

უცილოდ ისარს გავს იგი!..

მზექალო,

თუმცაღა ისარს გავს ტრფიალი,

მაგრამ ვინ გაუგოს გეზი?!!

და იდგნენ

ცხენდაცხენ

აბრეკნი-მტრიანნი,

იდგნენ და უმზერდნენ ზეზიკს.

ერთბაშად

ერთ მათგანს

მსგავსი რამ ოხვრისა

დასცდა და განივრცო ჩქამი:

მეორემ მერანი მეყსეულ მოღრიჯა,

ჩამოხდა

და შეკრთა ქალიც..

მოხედა

ორ მხედარს,

მყის იცნო ახმედი

და მზერა ზეზიკის,-

მზე ვით განათდა,

თანაც მან იმ წამსვე,

მკაცრ ხედვით

დაცხრილნა ვაჟნი

და ზევით

წავიდა.

წაიღო წყლიანი კუმგანი,

დაყარა რაყიფნი კუშტმა,

დაყარა რაყიფნი გაყრისგან გულმკვდარნი,

სალამიც არ უთხრა გულშმაგთ…

მზექალო,

მზექალო,

მსგავსნი ხართ ასულნი

ფიქრები ფიფქს გიგავთ ნაბუქს:

უმალვე გოროზად გულში ჰკლავთ მძლავრ სურვილს,

ტრფიალს თუ შეატყობთ ჭაბუკს.

ასევე ზეზიკმა

რა ნახა მხედარნი,-

„ახმედი!“

შესძახა გულმა

და სახე ასულის მყის მარეხს ედარა,

თან მანვე

სხვაც რამე

უმალ

შენიშნა:

შეიცნო:

ვაჟკაცნი იუფლა

მისივე სურვილის ალმა,

უფრორე იმზევა ზეზიკის ტრიუმფმა,

თან მყისვე,

მასშივე

ქალმა

იწივლა დიაცთა გველური ბუნებით

(ასეა!-

ნუ მიწყენ, მზექალ!)

და ქალმა ზეიმის მაღალი ცდუნება

აქცია ქარიშხლის ჭექად.

მზექალო,

განა შენც ასევე არ მიყავ,

პირველ რომ გაგიტყდი ვაჟი

შემრისხე,

დამსეტყვე

ავ სიტყვით:

„-არ მიყვარს!“-

ჩამხერგე სახმილის ზღვაში…

და მდაგავ

მას შემდეგ,

გულს არ რა უხარის,

სიცოცხლეს

უცეცხლოდ ვცდილობ…

მზექალო,

გიმღერი ბალადას მწუხარეს,

მწუხარედ გიმღერი, ტკბილო.

მზექალო,

მე მიკვირს

ვითა გთმობ აგრე ტკბილს,

თუმცაღა გადვიქეც ქვადა…

გრძნობისგან ხელქმნილნი

ბორგავდნენ აბრეკნი,

მოგავდნენ დავარდნილ ქადაგს:

„-წავიდა!..

წავიდა…“

ოხრავდა ახმედი,

„-გაგვიწყრა…“-

გმინავდა სულთან,

„-ნეტავი რა რისხვის მწვერვალზე აღვედით,-

აბრეკნი ზეზიკს არ სძულდა…

გაგვიწყრა,

არ გვითხრა:

რა რისხვა მიიღო

ჩვენს თავზე

მზეთამზე ქალმა…

მაშ, იგი

მაშრიყის

ნათელი რა იყო,-

პირველ რომ უელვა ალმა?!!…

არა, მას

არამი

არ ეთქმის ნასხლეტი

სხივისა

(მთვარე რამ გვხუთავს)“

„-ჩემია ის შუქი!“-

ფიქრობდა ახმედი,

„-ჩემია!..“

ფიქრობდა სულთან…

ასეა, მზექალო,

ხანდახან ტრფიალი

გველის გულს აძგერებს ნაზად:

ხანაც რომ არასდროს არ იყო მტრიანი,

მოსიხლედ მოგისევს ძმასა…

წყაროსთან

ჩამოსხდა

ორივე აბრეკი

(წეღან რომ ზეზიკი იჯდა):

დაჭრილ ვეფხვს მოგავდა მწუხარე ახმედი,

სულთანი მოგავდა ჯიქსა.

მათ შორის რამ გველი,

გულისა მდაგველი

გაწვა და მყის ძმობა შთანთქა:

(ვთქვათ ბარემ

აშკარად:

რა გული,

რა გველი,-

ძმათ შუა ქალშავა ჩადგა!)

შენ ხედავ, მზექალო

ნაზ ასულს უმანკოს,

მისივე სიკეთის ძალით,

ძალუძს, რომ აბრეკნი უკუნში უმანგოდ

აღკვეთოს,

წაჰკიდოს ძმანი…

შენც ასევ არ გვიყავ

მე და ჩემს რაყიფსა

მზექალო, მაგ ეშხის ძალით,-

მოყვრობა გავყარეთ,

რა ეჭვი აყეფდა,

ვიშუეთ შიშველი ხმალი…

„-ჩემია ზეზიკი!-

ნირავდა ახმედი,-

ალახმა მარგუნა იგი!

და მზერა, ამჯერად,

მზესავით ნასხლეტი

ჩემს მიმართ იყო და

ჯიგიტს

შემერგოს!

დე, მერგოს

მურთაზის ასული,

იღბალი მიღიმის, მჯერა!

სხვა დროსაც მიხილავს,

ჩემს მიმართ ნასროლი

ამ ქალის ამგვარი მზერა!

თანაც, ოხ,

ალახო,

რა იყო მზერა სხვა,

მისგან რომ მეხივით გვეჭდო?!!-

ქალს ალბათ სულთანის უნდოდა შერისხვა,

ან იქნებ…

განიბენ,

ეჭვო!!!

ჩემია ზეზიკი!

ვაცხადებ ახმედი,

ალახმა მარგუნა იგი

და მზერაც ზეზიკის,-

მზესავით ნასხლეტი,-

ჩემია!-

შემერგოს ჯიგიტს.

თან ამ ბიჭს-

ძმადნაფიცს

არ ვიცი, რა ვუყო,

ჰხამს ორთა ძმობის ხე გახმეს:

მწამს: გული

ქალწულის

მის მიმართ ჭაუხობს,

და მაინც იფრთხილე, ახმედ!..

სისხნაფიც

ძმისადმი

ქველობა ვალადა

მადევს…

და მე მაინც ვრჩეობ

მზე- ზეზიკს!..“

სულთანი ფიქრობდა

ჩემია ზეზიკი!..“

(თან ეჭვის ისარიც ერჭო)

ო, ეჭვი, მზექალო,

ჩამოგავს გველს იგი,

წყეულო,

წყეულო ეჭვო!..

მზექალო,

მეც ეჭვმა მომსრა და დამასო

ისარი-

ვერ ჩავკალ ურჩი:

სხვასთან ზის მზექალი

და სხვასთან თამაშობს

ყვავივით

ჩამჩხავის ყურში…

„-ჩემია ზეზიკი!-

სულთანი ფიქრობდა,-

თან ეჭვის თარეშიც

ჰგვემდა,-

იქნება ის ქალი ჩემს მიმართ მუქრობდა,-

მრისხანე მზერით რომ გვცემდა…

იქნებ მზე-ღიმილი აწვევდა

ახმედსა,

მზე-მზერაც უხმობდა ახმედს?!!…

მაგრამ, ოხ,

ალახო,

მწამს: ჩემი გახდება

ზეზიკი!..

და უნდა გახდეს!!!

ჯოჯოხეთს ავიტან,

გავკვეთ და გავიტან,

გავადენ სისხლისა ჩქერსა,

ხმლითაც და სისხლითაც,

საკუთარ თავითაც

დავიცავ

საფიცარს

ჩემსა!!!

ჩემია ზეზიკი!

ნაწყევლს და ნაწამებს

აწ მაინც მეწვიოს ლხენა,

მზის სხივი ესხუროს ჩემს დახრილ წამწამებს,

მემიჯნოს ტანჯვა და წყენა!..

დე,

ახლა გამოცხვეს ოხერი ხმიადი

ობლისა.

ო, ვფიცავ

ზეცასა

ვაჩქარებ,

დავასწრებ,-

დღე დადგა, დიადი

დიაცი

დავისვა მეცა!!!

სისხლნაფიც

ძმისადმი

ქველობა ვალადა

მადევს…

და მე მაინც ვცდილობ

ჩემი ვქმნა ზეზიკი!..“

მწუხარე ბალადას

გიგალობ,

მზექალო,

ტკბილო…

ავახმე, მზექალო,

ტიალი

ტრფიალი

გველის გულს აძგერებს ნაზად:

ხანაც რომ არასდროს

არ იყო მტრიანი,

მოსისხლედ

მოგისევს

ძმასა…

წამოდგნენ აბრეკნი,

კუშტად და უბრადა,

მერნები იოკეს თოკით;

დაბლა კი, ფერდოვზე, ეფინა ღრუბლადა

ნაძარცვი რემა და ჯოგი.

ცხრამეტი ცხენი და ვეება ცხრა ხარი

ფერდობზე ეფინა ღრუბლად.

გავარდა ხაბარი*, მეხივით ნახალი,

მორბოდნენ, სტოვებდნენ ზღურბლთან.

ისმოდა ყიჟინა ქუხილზეც მაღალი,

მორბოდნენ დიაცნიც მორცხვნი;

მოხუცებს ელოდა ამბავი ახალი,

ჭაბუკებს ლხინი და ხორცი.

„-სალამი აბრეკებს!

ალაფი ნაძარცვი

კვლავაც ნუ მოგაკლოთ ვაჟთა!“

მოგროვდნენ ღილღველნი: ბავშვი თუ ქალ-კაცი,

მუნ თავში

მურთაზი დაჯდა.

„-გვიამბეთ, ჯიგიტნო!“-

მურთაზმა ახედა

აბრეკებს

ამრეზით

მდგომთა.

„- თერგს გაღმა ვიყავით,-

დაიწყო ახმედმა,-

ხუტორთან ხვასტაგი ძოვდა.

შავ ფარად

ვიფარეთ

ღამეი-ურჩხული,

მივხოხდით,

დავესხით მწყემსთა.

ხელდახელ მოვახრჩეთ ორივე ურჯულო

და ომიც უმალვე შეწყდა.

უკუნში მეყვსეულ მოვსხლიტეთ ხარ-ცხენი,

მთებისკენ ავიღეთ გეზი.

აწ აქ ვართ…“

ახმედმა

გახედა

დარცხვენით

მამასთან მდგომარე ზეზიკს.

„- თან ვამბობ

(განაგრძო)

ვეხსნები

შეითან

ურუსთა ძარცვას და ხოცვას;

მე უკვე აბრეკი აღარ ვარ დღეიდან,-

სხეული სხვა ცეცხლმა მოწვა.

არ ვიცი, ამაზე რას იტყვის სულთანი,

მე მტკიცედ ვადგევარ ამ აზრს;

კმარ იყოს, რაც ვხოცე ურჯულო მურდალი,

აწ ალახს მივუძღვნი ნამაზს!

დე, ეს დღე დაიდოს, ვითაარ საზღვარი

დათმობად თარეშთა ჩემთა;

აღარ მსურს ურუსთა რემა თუ თხა-ცხვარი,

არც სისხლი ახელებს ჩემს თვალს!

და თქვენ კი, ჭაბუკნო,

რატომღა აყოვნებთ

განაგეთ საქმენი თქვენი

ურუსთა ხარ-ცხენი, სამგლე და საყორნე,

დახოცეთ,-

პურობა ქმენით!

დახოცეთ ხარ-ცხენი!..“

ამავ დროს სულთანი

ფიცხობდა:

„- იხლართვის საქმე

ჩემს მზეს თუ იჩემებს რაყიფი უგვანი,

დე, ბედი გადაწყდეს აქვე!..“

გულმწყრალი

სულთანი

ხალხის წინ წამოდგა:

„- დაიცათ, ახმედ და ვაჟნო,

მადროვედ ორიოდ ღილღურის წარმოთქმა

მეც მინდა:

თემს სიტყვა

ვამცნო!

ჰე, ძმანო,

აქამდე რუსთაგან ალაფი-

ხვასტაგი მოგვყვავდა რაცა,

ყველასი იყო და, ვითაარ ჯალაბი,

თანაბრად ვიყობდით ნაძარცვს.

აწ მინდა:

დავლიდან

მე ჩემი არჩივი*

ავიღო.

ასეა საქმე!

კვლავ ხვედრი

ახმედის

თქვენ იყოს,

არ ვჩივი,

ან კიდევ, როგორც სურს ახმედს!..“

(*არჩივი- წილი, კუთვნილი კერძი)

ახმედი

„- საქმე თუ ასეა, ეგ ჩემი არჩივიც

მე შენთვის მიძღვნია, სულთან,

ალაფს არ დაგიდევს აბრეკი-არწივი,

სიძუნწე მე მიწყივ მძულდა!“

სულთანი

„-მისმინეთ, მოძმენო,

იმას, რაც გითხარით,

მე აქვე

ერთ სათქმელს

ვურთავ:

ჩემს გულში არ არის სიყალბის მისხალიც,

მისმინე, ვაჟკაცო მურთაზ!

ვიშით და ვაებით ვიზარდე სულთანი,

ნორჩ გულში ვარამის ლესვით;

ობლობის ვაგლახი დამდევდა სულ თანა,

საწუთრომ მასმია გესლი.

ახლა კი ვაჟი ვარ – ამაყი აბრეკი,

მძლედ მიჭირს მუხლი და ხმალი;

მტერთა წინ ვერავინ მიხილავს დადრეკილს,

ვაჟს მარტო მაკლია ცალი!..

და, აი, მოგმართავ, ვაჟკაცო მურთაზო,

კრძალვით და

გენუკვი ზეზიკს!..

ურვათიც აქვეა,- არა გთხოვ უფასოდ,-

და თუ ის მცირეა,-

გეზი

კვლავ ვიცი

თერგს გაღმა ურუსთა ხუტორებს

არტყია რემა და არვე;

ყუბანშიც დავტორავ ტრამალებს უტორველს

და ალაფს გავაჩენ ჩქარვე!

მურთაზო,

ალახმა აბრეკად დამბადა,

საფლავში ასევე ჩავალ;

თან ალბათ აულებს დარჩება ამბადა

ჩემი და ურუსთა დავა!

მურთაზო,

შუქსა გთხოვ!

ურვათს კი დანარჩენს

გავაჩენ,

მცირედი თუა,

ეს, რაც მყავს.- არ შევიქმთ

ამაზე დავას ჩვენ,

შენ „ჰო“ თქვი,-

და ქალი უარს

არ იტყვის,-

შენს სიტყვას

იგი ვერ დალახავს,-

დიაცი ჩრდილია ვაჟის!

დაგვლოცე, მურთაზო,

მოგვხედოს ალახმა!

სამივემ ვიხაროთ მთაში!..

რუსს რუსი მოკეთობს

და ღილღველს – ღილღველი,

ორივე მტრის მარცხსა ცდილობს…“

მზექალო,

მწუხარე ბალადას გიმღერი,

მწუხარედ გიმღერი, ტკბილო…

სიჩუმე ჩამოდგა სულისაც მხუთავი,

ისეთი,

(მერწმუნე, მზექალ!)

რომ კარგად ისმოდა: ახმედის,

სულთანის,

ზეზიკის

გულების ფეთქვა…

თეთრ იყო სულთანი, ვით თრთვილი დილისა,

თეთრ იყო ახმედი მუნჯი,

თეთრ იყო ზეზიკიც- სურვილთა თილისმა,-

ისართა დამსობი გულში.

იდგა და ელოდა სამება მიჯნურთა

განაჩენს მურთაზის პირით;

წამოდგა მურთაზი,

(სიოც კი მიჩუმდა),

ხმა მისი მოგავდა ხირიმს:

მურთაზი „-ვეფხვია სულთანი,

გმირი და ჯიგიტი,

თვით ჩემი ზეზიკიც მზეა,

ობლობით იზარდა,

თავის ბედს იგი თვით

განაგებს

და სიტყვას გზიანს

აწ გვეტყვის,

აბრეკ ბიჭს

ან უკუნს წაჰკიდებს,

ან კიდევ

გაიყვანს მზეში;

მე ვერსად ვიშოვნი სულთანზე კარგ სიძეს,

მაგრამ შენ

რას არჩევ, ზეზიკ!!“

სიჩუმე სუფევდა სულისაც მხუთავი,

ისეთი,

(მერწმუნე, მზექალ!)

რომ კარგად ისმოდა: ახმედის,

სულთანის, ზეზიკის

გულების ფეთქვა…

თეთრ იყო სულთანი, ვით თრთვილი დილისა,

თეთრ იყო ახმედი მუნჯი,

თეთრ იყო ზეზიკიც- სურვილთა თილისმა,-

ისართა დამსობი გულში…

ხალხის წინ წამოდგა ზეზიკი-ციერი,-

მურთაზის მზისფერი ქალი,

შუქივით შვენოდა ამაყი იერი,

მზე-მზერა და ფერი მქრალი.

მდუმარე აბრეკნი ელოდნენ ცახცახით

მურთაზის მზისაგან მსჯავრსა;

ზეზიკმაც მიმართა მუნჯ ახმედს, თავდახრილს,

ხმა მისი მოგავდა ზარსა:

ზეზიკი „-ახმედო,

ერთს გკითხავ:

ეს მითხარ,

შენ არჩივ

ალაფს რომ

სთავაზობ

სულთანს,-

იქნებ, ვით მურთაზი,

ასევე შენ არჩევ

სხვას დავრჩე,-

შენ თუ ეს გსურს და

თუ მაგ შენს ძმადნაფიცს ხელს მიტომ უმართავ

შენ გინდა:

ეჯიბად

დაჯდე,

მაშინ მე მზადა ვარ

მურთაზიც ურვათსა

უმალვე მიიღებს, ახმედ!..“

სიჩუმე სუფევდა სულისაც მხუთავი,

ისეთი,

(მერწმუნე, მზექალ!)

რომ კარგად ისმოდა: ახმედის,

სულთანის,

ზეზიკის

გულების ფეთქვა…

თეთრ იყო სულთანი, ვით თრთვილი დილისა,

თეთრ იყო ახმედი მუნჯი,

თეთრ იყო ზეზიკიც- სურვილთა თილისმა,-

ისართა დამსობი გულში…

მურთაზი „- შენ, ჩემო ასულო,

(მურთაზი აგმინდა),

არა სჯი სავსებით სწორად;

შენს ბედს მე შენ განდობ და სულაც არ მინდა,

ურვათი დამიდგან გორად!..“

ზეზიკი „-მადროვე, მამილო,

მე ვკითხავ ახმედსა,

პასუხი თავადვე გამცეს!..“

ახმედი „- განა თვით არ მხედავ,

(ახმედი ამხედრდა),

შენთვის შმაგს რადა მგვემ ამდენს?!..“

ზეზიკი „- ვაჟნო, მაშ, მივეგეთ ამ ამბის დასასრულს,

ზეზიკი ვამოკლებ სიტყვას

რა ვქნაბ თუ საქმარედ სულთანი არა მსურს,

თუ მხოლოდ ახმედი მიყვარს!..“

სიჩუმე სუფევდა სულისაც მხუთავი,

ისეთი,

(მერწმუნე, მზექალ!)

რომ კარგად ისმოდა: ახმედის,

სულთანის,

ზეზიკის

გულების ფეთქვა…

თეთრ იყო სულთანი, ვით თრთვილი დილისა,

თეთრ იყო ახმედი მუნჯი,

თეთრ იყო ზეზიკიც- სურვილთა თილისმა,-

ისართა დამსობი გულში…

ხან ზეზიკს უმზერდნენ მდუმარე ღილღველნი,

ხან კიდევ ახმედს და სულთანს…

მზექალო,

მწუხარე ბალადას გიმღერიბ

გლოვისებრ გავლებულს გულთან…

მზექალო,

მეხსა ჰგავს ქარაფთა მხლეჩავსა

უარის პირბასრი დანა:

სრავს იგი

სასტიკი

მიჯნურ გულს ბეჩავსა,

ხლეჩავს რა

სხეულსაც თანა…

უარი უთუოდ ჩამოგავს უკუნსაც,-

უცებ რომ გვეცემა თავზე;

ის არის

მდინარის

მძვინვარი უკუსვლაც,-

მშრალზე რომ დარჩება თევზი…

ავხმე, მზექალო,

იცოდე ნეტავი

როგორ კლავს უარი-ჟამი;

უარი ხმალია-ოთხივ მხრივ მკვეთავი,

ფხაზე რომ აცხია შხამი…

უარი მხეცად ქმნის უწყინარ ცხუარსაც,

მისგანვე მოისრას გმირი…

მზექალო,

ნუმც გასმენს უფალი უარსა,

გადმოსულს მიჯნურის პირით!..

თეთრ იყო სულთანი, ვით რთვილი დილისა,

ხან უცბად ხდებოდა კუპრად,

მან მაინც დაძლია უარის თილისმა:

სულთანი „-გავშალოთ ნიშნობის სუფრა!..

ზეზიკის უარით გული არ მეპობა,

კვლავ ვუძმობ ძმადნაფიც რაინდს!

ალახმა

არა ქმნა,

მრგებოდა ნეფობა,

ეჯიბად დავჯდები

მაინც!..

ღილღველნო,

გავჟლიტეთ ხვასტაგი ნაძარცვი,

დაკალით ეგ ჩემი ცხენიც,

ახმედის ნიშნობას არც ქალი, არც კაცი

არ ასცდეს,

პურობა ქმენით!..

იციან მტრობა და იციან გატანაც

აბრეკთა ქველთა და უხვთა!..

გულმთვრალი

სულთანი

მოგავდა სატანას

„- გაჟლიტეთ!…

დაკალით!…“-

ქუხდა.

მკაცრ იყო ფეტიმატ- დედაი ახმედის,-

ზეზიკის გამზრდელი ფეტიმატ

და თემიც მის სიტყვას არასდროს ლახევდის

მსწრაფლ იქმდა,

რაც გინდა

ეთქვა.

და ახლაც წამოდგა:

ფეტიმატ „- ნაძარცვი ალაფი,

თქვენ იცით, ახმედ და სულთან,

არ მინდა არასგზით,

მოწმეა ალახი,

არამი არც ჩემს ქმარს სურდა!

მე ჩემი ალალი ოფლით და ნადაგით

გადვიხდი ქორწილს და ურვათს;

არა მსურს ურუსთა არამი ხვასტაგი,

მარიდეთ ამაზე მდურვა!

თქვენ თქვენებრ ილხინეთ ლაღად და ვაჟურად,

ნუ მიწყენთ დიაცს და მოხუცს!..

წავიდეთბ ზეზიკო,

საქმე გვაქვს საშური,

ჩემს ძველ ცრემლს ახლა შენ მოხოც!

წამიძეხ,

წავიდეთ,

არც რძალს და არც დედას

არ გვინდა არამი დავლა!

იპყარი, მზის დარო,

მერანი ახმედის,-

მაშვრალი მივაგოთ თავლას!

დაცხრა და დაოკდა ახმედი-ჯიგიტი,

მტრის რისხვა-

სისხლის ხმა

ჩაკლა;

დიაცებს ჩვენც გვინდა

ეჭვის და

შიშის წილ

სიმშვიდით

ვიშვებდეთ ახლა!

შენ ახლა ჩემი ხარ,- ჩემივე გაზრდილი,-

ზეზიკო-მზეო და მანგო!“

მწუხარე ბალადას,

მე, შენგან დაჭრილი,

გიგალობ,

მზექალო,

კარგო.

ხმედის ციხეზე აღმართეს სარათა-

ალამი, სიკვდილის მაცნე,-

ალამი რძისფერი.

ღილღველნი ჯარადა

მოგროვლნენ

და ბანზე დასხდნენ.

ერდოზე ესვენა ახმედიც რძისფერი,

საოცრად მშვიდი და ნაზი,

თითქოსდა

იტყოდა

„-რა ტყვია, რა მტერი,

ან რისი სიკვდილი ნასი?!..

რა გლოვის ზარი და

რა თეთრი სარათა,

ან რისი სამარის თაღი,

მზისფერი ზეზიკი,-

მზისავე დარადა

მიმზერს და მიღიმის ლაღი!“

თითქოსდა

გვითხრობდა

ამ წინა ღამინდელ

ზეზიკთან შეყრას და ყოფნას.

თითქოსდა

იტყოდა:

„-ავბედო, დამინდე,

დამინდოს ტყვიამ და თოფმაც!…“

თუმც შუბლსა აბრეკის

ავბედით

ეხადა

ეხატა

ნასროლი მკვეთრად,

თან, ასევ, ახმედის სახეზე ეხატა

ზეზიკთან ყოფნა და შეყრა…

და კრთოდა მოკლულის სახება,

სარკე ვით,

ელავდა კულულიც ქერა;

ახმედის სახეზე ეხატა გარკვევით

ზეზიკის ღიმი და მზერა…

მზექალო,

სურვილის თილისმა მიკვირს და

მის ახსნას შენგანვე ვითხოვ;

მწირს მჯერა,

მზისფერო,

არ ძალუძს სიკვდილსაც,

დათრგუნოს ტრფიალის ხვითო!

მზექალო,

დრო იყო

(ან იქნებ მეზმანა

დღე იგი- ედემის დარი?!..)

მზე -ღიმილს მაღვრიდი,

ლაღობდი ჩემთანა,

მღველფავდა ღიმილის ღვარი!..

თუმც შემდეგ შემრისხე,

იღბალი მზაკვარი

ამ გულის დათრგუნვას ცდილობს,

მაგრამ დრო ამ ღაწვზე იმ ღიმის ნაკვალევს

ვერასგზით

ვერ წაშლის,

ტკბილო!

მზექალო,

დრო იყო

სურათი პატარა,-

შენივე ხატება წმინდა,

მიძღვენ და მითხარი:

„-ხატივით ატარე,

თან გქონდეს,

გახსოვდე,

მინდა!“

ძვირფასო,

იმ ძღვენზე ძვირფასი რა მქონდა

(ვერ მიძღვნა ვერა რა კაცმა!),

მყის ყელზე შევიბი შიბით და დამქონდა,

ისე, ვით იესოს ჯვარცმა!

შემდეგ კი, შენ იცი

შენივე შერისხვის

მახვილი მეხივით მეხო

და მაშინ, მე, შმაგმა

ეშმაკად

შეგრაცხე,

გავშალე წყევლათა ეხო…

და შენი ხატება,

მზექალო,

ავახმე,

მკერდიდან მოვიხსენ რისხვით,

მივხოხდი ბუხართან და ცეცხლში ჩავამხე,

დავწყევლე ის დღე და რიცხვი…

ძვირფასო,

შენს პროფილს მოედო მყის ალი,

აინთო

და ჩაქრა ცეცხლი…

დაფერფლილ სურათზე მე მაინც გიცანი,

ვარკვევდი შენს ნაკვთებს შერყვნილს…

მზექალო,

ასევე შეერყვნა ზეზიკის

მზისფერი სახება ჯავრსა;

ექცია ქალწული ქვესკნელის ქეზიკად

ალახის რისხვას და მსჯავრსა…

არ აჩნდა მის მზერას აზრის რამ ნასახი,

თითქოს ქვად ქმნილიყო ქალი;

არ აჩნდა ზეზიკის მიმოხვრას და სახეს

ახმედთან შეხვედრის კვალი…

არა, ეს არ იყო მზისფერი ზეზიკი,

ეს იყო გლოვა და წყლული,

ეს იყო, უცილოდ, ქვესკნელის ქეზიკი,-*

ჯოჯოხეთს დაჯრილი სული…

გოლგოთაგავლილი

მარტვილი

ეს იყო,

ეს იყო ზეზიკის ჩრდილი…

ო, როგორ შეცვლილხარ,

მზისფერო ზეზიკო,

ზეზიკო- ცისკარო დილის!

მზექალო,

მე სიკვდილს ჩავთვლიდი ჩალადა,

ახლაც და

რაც გინდა დროსა,

დეე, ჩემს ციხეზე აღეღოთ სარათა,-

თუ ასე მიგლოვდი მგოსანს!

თუ ჩემი სიკვდილი ამდაგვარ თავზარსა

დაგცემდა, ვით მეხის ჭექა,

მე ბედად ჩავთვლიდი იღბალსა ამგვარსა,

არყოფნას ვარჩევდი, მზექალ!

მაგრამ, ოხ,

ლამაზო,

რას ვამბობ

გულხელი

(უმეცარს შემინდე, ცაო!),

შენ ღმერთმა გამიჯნოს

ნაღველის უღელი,

გაშოროს ჭირსა და ჭაობს!

დე, ისევ

გაბრიელს

გასდინდეს

მდუღარე,

სვემ გულში გორდაი მაგოს…

ავახმე,

გიმღერი ბალადას მწუხარეს,

მწუხარედ,

მზექალო-მანგო!..

შუქფერო,

ლექსები ქარივით დავფანტე,

დე, შენი მელექსე მერქვას;

შემინდონ: რუსთველმა,

პეტრარკამ

და დანტემ,

თუ კარგად ვერ გიმღერ,

მზექალ!

„-ბრალი არ მიმიძღვის!-

აღმოთქვა სალმარძმა,-

მე სახლში ვითიე ღამე;

თუმც დიდხანს ვისხედით,

ვიუბნეთ სამმა ძმამ,

და ბოლოს ახმედი და მე

წავედით,

მივბარდით საკუთარ კერასა,

ვიწვიეთ სულთანიც,-

არა ქნა,-

ის ცეცხლან დარჩა და

დანარჩენს ვერ რასა

ვერ გეტყვით, ღილღველნო, ახლა!

ეს კია

აბრეკ ბიჭს ბრაზის რამ ბურანი

ბურავდა და ფერი მიწის

ედო.

სხვა არ ვიცი.

მომეცით ყურანი,

ყალბ ეჭვსაც

დავბეჭდავ ფიცით!

გუშინ რომ სულთანმა მერანი მაჩუქა,

ღილღველნო, მიმოწმებთ, მჯერა;

გუშინღამ უნაგირ მიბოძა მას უკან

და ახლა შეკაზმულ მერანს

თუ იტყვით, მოვიყვან

უმალვე

უკანვე,

ეს ძღვენიც

არ მშვენის

სალმარძს,

არა და

ალალ კაცს

ეჭვები უგვანი

უგანეთ

ვაჟმაც და ქალმაც!“

შუქი რამ ეფრქვია ვაჟკაცის ღაწვებსა,-

სინათლის,

სიმართლის

სხივი;

ამრიგად

გახსნილ წარბს

არც ურვა აწვება,

არც მოყვასთ

ავ ყოფას

ჩივის.

სალმარძის თვალებში ელავდნენ ალადა

(„მწყალობდე, მართალთა მწეო-ალახო!“).

მწუხარედ,

მწუხარე ბალადას

გიგალობ,

მზექალო-

მზეო!…

ვაჟკაცმა გაშალა მინდორზე ნაბადი,

დაემხო მუხლზე და:

სალმარძი „-ალახ!

შენი ვარ,

მიშველე,

ხომ შენვე დამბადე,

შენ მიძღვენ: გრძნობა და ძალა!

ალახო,

ჩემი ქმენ მურთაზის ასული,

ხომ ჩემთვის გაჰნირე აგრეც

ცეცხლის ზღვად

ეს რისხვა,

ზვავივით დაძრული

როდესაც მიაგე აბრეკთ!

ალახო,

არ მაფრთხობს

მე ქალის ვარამი

წყალივით

გაივლის

გლოვა,

ხვალ სხივად

დაცვივა

წუხილის წკვარამი,

სიცილად- ცრემლების თოვა!

ალახო,

ასული მარტსა ჰგავს

კვიმატსა

ერთად აქვს: ავდარი, დარი,

სახება კვამლისა დარდსა ჰგავს

იმათსა

გაქრება ქარივით ჩქარი!

ალახო,

ჩემი ქმენ მურთაზის ასული,

ხომ ჩემთვის ირჩიე მაინც

როდესაც ეს რისხვა

მეხისებრ დაკრული

მოჭრივე

ორივე

რაინდს!“

მზექალო,

მზექალო,

რას ამბობს სალმარძი??!

ნუთუ მზე-ზეზიკი

(ვახმე!)

გულისსწორს გასწირავს ბილწი და წარმართი,

გადიგლოვს განგმირულ ახმედს??!

ნუთუ სხვა იხარებს ზეზიკის კდემითა??!

ნუთუ შენც ასე იქმ, მზექალ??!

მგვემს მსგავსი გუმანი

(არ ვკვდები მე მითაც!)

და მსგავსი ეჭვების ჭექა!!!

მზექალო,

ნუთუ შენც გულიდან გარიცხავ

ამ სადა

ხმასა და

ლექსთა??!

მე, მომსწრე ამისა

აღვსდგები მკვდარიცა,

რომ მწარედ დაგწყევლო, მზექალ!!!

წყეულო, მზექალო,

რაგვარ სჯის

სალმარძი??!

იქნებ მეც იქედნე

ჟამი

დამცინის??!

უფალო,

მწედ მექმენ

განვაძო

ამგვარი

გუმანის შხამი!

გამიჯნულ

ხელ მიჯნურს

მე მიჯობს

მეხალოს

მყის მეხი

და მუხლიც გახმეს…

მრისხანე ბალადას

გიგალობ,

მზექალო,

მრისხანედ გიგალობ,

ვახმე…

განა თუ დიდია ეგ შენი აული,

მზექალო- მზისაცა დარო;

ქვა-ციხეთ

მხარმარცხნივ გორი რამ ჩაუვლის,

გორის ძირს გამოდის წყარო.

აქვეა აკლდამაც- დუღაბით ნაგები,-

ჩონხების

ოხერი

ბინა,

შიგა წევს მრავალი ჯიგიტი ნაქები-

აბრეკი-

უდრეკი

რკინა.

მიიღე ახმედიც,

აკლდამავ- ქვიტკირო,

გაბარებთ აბრეკის ცხედარს;

თუ ძალუძთ ტირილი,-ზეზიკმა იტიროს,

იტიროს ფეტიმატმა-დედამ…

იძინე, ახმედო,

ასევე სძინავთ როს

შენგანვე მოსთვლილთა რუსთა;

ვერ ადგე

ვერას გზით,

ათასიც ინატრო,

ვერც სატრფო

მოგაპყრობს

შუქ-თვალს…

იძინე, ახმედო,

აწ ვეღარ იხილო

ზეზიკის მზერა და ღიმი;

ო, ისე

მოისრე, ვითაარ ღიღილო,

დაგექცა ოცნების ქიმი!..

გინდ აწმყოს გაუწყერ,

გინდ მყობადს,

გინდ წარსულს,

თუგინდაც ტრფობას

და სულთანს…

მზექალო,

სულს ვფიცავ,-

უშიშას წმინდა სულს,-

შენი ძმის ელვარე სულსა,-

დიაცთა ღაწვიდან დაღვრილი მდუღარე

ღვარივით ეღვარა ახმედს…

მზექალო,

გიმღერი ბალადას მწუხარეს,

მწუხარედ გიმღერი,

ვახმე…

მურთაზი?-

რას შვრება გულზვავი მურთაზი?-

მურთაზი- საავდრო ნისლი?!!-

პირს დანა არ უხსნის მრისხანეს, გულდაჭრილს,

მეხისებრ მოუხმობს სისხლი!

აწ მისთვის ყოფნა და ლაყაფი უქმია,

ცეცხლს ეცეს ზეზიკიც- ქალი;

ეძმობა ხირიმი,-

ძველებს რომ უქიათ,-

მტერს ოღონდ აუღოს კვალი!

ოღონდაც ვერაგ მტერს დაადოს ნიშანი,

ტყვიამ რომ იწივლოს ყურთან;

ალოკოს მუხანათს სისხლი და ქვიშანი,-

სხვა ხარკი

არ არგებს

მურთაზს!

ოღონდ მტრის ქვიტკირზე აღმართოს სარათა

(ტიალო, მტრის სისხლო თბილო!)…

მზექალო,

გიმღერი მრისხანე ბალადას,

მრისხანედ გიმღერი,

ტკბილო!

აკლდამის მხარმარცხნივ აღმართეს ქვაკაცა

(ღილღველნი უხმობენ ჩურთად);

ქალების მოთქმამან ქარაფნიც დაკაწრა

და ასე იტყოდა მურთაზ:

„-ახმედო,

სახსოვრად დაგიდგი ქვა ესე,

მე კი, ჰხამს

მუხანათს დავხვდე;

სანამდის მოსისხლე ჩემგან არ დაეცეს,

იდექი,

ქვაკაცო-ახმედ!

დე, შენი მზე-სული ამ ქვაში შევიდეს,

სისხლის ხმას უცადოს ჩურთმა;

ძაღლ სულთანს ძაღლურად ჩავკლავდე მე ვიდრე,-

მელოდოს

მე ლოდი

მურთაზს!

ქვაკაცამ მარადჟამს

დამძახოს გზად გავლილს

იმძლავრე,

იძებნე შური,

მურთაზო,

მოსისხლეს მიაგე საგზალი-

სისხლშივე ნაზელი პური!..

ახმედო,

როდესაც მოვცელავ სულთანსა,

ისე, ვით მთიბავი ბალახს,-

მე მაშინ

გულგაშლით

წავაქცევ ჩურთსაცა,

ეგ სულიც ეახლოს ალახს!

ო, ჩემთვის სხვა საქმე დღეიდან უქმია,

ჩალად მიჩნს ზეზიკიც-ქალი;

მეძმობა ხირიმი,-

ძველებს რომ უქიათ,-

მტერს ოღონდ ავუღო კვალი!

ო, ღმერთო,

ავღმართავ

სულთანის სარათას,

მერწმუნე,

ახმედო-მრწემო!!!“

მზექალო,

გიგალობ

მრისხანე ბალადას,

მრისხანედ გიგალობ,

ჩემო!…

მზექალო,

მას მერე მრავალი დღე-ღამე

გავიდა.-

ქისტებიც ტრამალს

გახიზნეს გიაურთ.

არხვატით შენ და მე

მოვედით

და ღილღოს

ვიხილეთ,

მზექალო,

დაქცევა ღილღველთა,

აულთა ნგრეული რიგი;

იქ, სადაც

ოდესღაც

ზეზიკი იმღერდა,

სად ჰქონდათ ჯირითი ჯიგიტთ,-

ახლა ჩვენ დავსახლდით,

არხვატს კი

დავცილდით,

ღილღოში ვაღვივეთ კერა

და ასე მგონია

ბუდეი დაცლილი

არწივებს

აწვევსო

ჯერაც!

მზექალო,

ახმედიც-ქვაკაცა

აქა დგას

სულთანი ვერ მოკლეს ალბათ;

აქა დგას

აკლდამაც

და მე ვცნობ ცხადადა

ჩონჩხებში

ახმედის

ძვალთა!

ზეზიკი

(გახსოვსღა?!!)

გათხოვდა

იქნება??!

არ ვიცი,

არ ვიცი,

მზექალ…

ალბათ მის

ძვალთ ნაცრის

მტვერიც არ იქნება,-

გადაჰყვა ჟამთასვლის მძლე ქარს!…

გაწირეს საწუთრო

მწუხარე ბალადის

გმირთა

და აკლის მდგმურთა…

მაგრამა, მზექალო,

ტრფიალი კვალადა

ცოცხლობს და იცოცხლებს მუდამ!

ასეა ამ სოფლის

ჯადოწრის ტრიალი

ბედმკვიდრთა

კეთრი და ჟამი…

აი, მეც

დამეცა

ტიალი

ტრფიალი,-

ჯოჯოხეთს გამჯაროს ლამის…

მზექალო,

მგოსანი სამსალით შემლესე,

მომაგე გვემა და წყევა;

აი, მეც

ქვად ვიქეც,

რა მექნა მელექსეს,-

ქვა-სვეტი

ახმედი

მე ვარ!…

მეხივით

დამემხო

შერისხვის

სახმილი,

გულხელი

ვვაგლახობ

ამდენს;

მიმიღე,

მზექალო,

მიჯნური-ქვადქმნილი

და ჩემი

ნამღერი

გწამდეს!

სურვილმა ჩემს მიმართ მახვილი მომახა,

მას მერე დაღრილი ვდარდობ;

მზექალო,

სხივისებრ ნასხლეტი რომა ხარ,

მზე-ცისკრად

ჩემთვის ხარ

მარტო!…

და გელი ქვადქმნილი,

სული ღმერთს მივანდე,

სიცოცხლეს

უცეცხლოდ

ვცდილობ…

ძვირფასო,

მგოსნის გულს

სანათი მიანთე,

გაბრიელს

გამკვლიე,

ტკბილო!!!

ო, გელი

ობოლი,

ვითაარ შთენილი

ნიბლია

ნისლიან

მთაზე…

კვლავ ყოფას შემყარე

მელექსე-დევნილი,

სიცოცხლე

მიბოძე ასე!

შეცვალე,

მზექალო,

არყოფნის ფიალა,

მელექსეს მზედ მექმენ,

კარგო!

აუგი არ არის

მაღალი

ტრფიალი,

შემიგრძნე,

შემიცნე,

მანგო!!!

შერისხვის

ქარიშხლით

მზეო,

ნუ მჭექარობ,

დამნატრდა

მაგ

წარბთა ჩერო…

მწუხარე ბალადას გიმღერე,

მზექალო,

მწუხარედ გიმღერე,

ჩემო!…

1953-1954 წ.წ. ივნისი-მაისი

ღილღო.

3 thoughts on “გაბრიელ ჯაბუშანური

    • დიდი მადლობა ადმინებს,უმშვენიერესი,ულამაზესი…თავად გაბრიელის ლექსებივით…<3

Leave a comment